აქტუალური
ინალ არძინბა: შეერთებული შტატები საქართველოზე ზეწოლას ახორციელებს „მეორე ფრონტის“ გასახსნელად

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ 22 სექტემბერს “სპუტნიკ აბხაზიას” პლატფორმაზე ვრცელი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევაზე, საქართველოს ხელისუფლებამ გახსნას “მეორე ფრონტი” აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. Მისი თქმით, ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული ამერიკის საელჩო თბილისში და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID. თითქმის 20-წუთიან ჩანაწერში არძინბა ასევე საუბრობს დასავლური ფონდების ფარულ ზრახვებზე, ახსენებს "ბერგჰოფის ფონდს" და ამბობს, რომ ისინი, როგორც წესი, ჰუმანიტარული პროექტებით იწყებენ საქმიანობას და ხელს უწყობენ სახელმწიფო გადატრიალებებს.

არძინბა ასახელებს ჯონ პენელს, რომელიც აგვისტოში დაინიშნა USAID-ის მისიის ხელმძღვანელად სამხრეთ კავკასიაში და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მანამდე ის უკრაინასა და ლიბიაში მუშაობდა.

მან საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად უკვე დაიწყო ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა მათ მორიგი სამხედრო ავანტიურა გაატარონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ - ე.წ. მეორე ფრონტი. ამასთან, ამის პარალელურად, პენელის დანიშვნის შემდეგ გააქტიურდა მუშაობა საქართველოს მთავრობის 2010 წლის სახელმწიფო სტრატეგიის, „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“, განხორციელებაზე“, - თქვა არძინბამ.

დასავლურ სტრუქტურებთან დაკავშირებით არძინბამ განაცხადა, რომ ისინი ყველა ქვეყანაში ერთი პრინციპით მუშაობენ. მისი თქმით, ყველაფერი ჰუმანიტარული ქმედებებით იწყება და სახელმწიფო გადატრიალებით მთავრდება. "ბერგჰოფის ფონდზე" საუბრისას მან ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეებს მოუწოდა, არ შევიდნენ ფონდის თანამშრომლებთან დიალოგში და არ მიიღონ მონაწილეობა მათ მიერ ორგანიზებულ სამშვიდობო შეხვედრებსა და დისკუსიებში.

მათ სურთ თქვენი ჩართვა საქართველოს მთავრობის პროგრამის განხორციელებაში, რომლის საბოლოო მიზანია ჩვენს ქვეყანაში ქართული დროშის დამკვიდრება“, - განაცხადა არძინბამ და დაამატა, რომ "ბერგჰოფის ფონდს" აფხაზეთში მუშაობის სამართლებრივი საფუძველი არ აქვს და მის მიერ ორგანიზებული შეხვედრები "უკონტროლოდ და აფხაზეთის ხელისუფლებასთან კოორდინაციის გარეშე მიმდინარეობს". დე ფაქტო რეჟიმის მინისტრის თქმით, ფონდის დამფუძნებლები, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მსოფლიო ბანკი და სხვა სტრუქტურები აქტიურად ატარებენ იზოლაციონისტურ პოლიტიკას აფხაზეთთან მიმართებაში.

არძინბამ საქართველოსთან ომის შესაძლებლობებზე ისაუბრა 16 სექტემბერსაც - მან თქვა, რომ რეგიონში არსებული ფეთქებადი ვითარების გათვალისწინებით, საქართველოსთან ომის მაღალი ალბათობა არსებობს.