რელიგია
ორი ქვეყნის ეკლესიებს შორის პრობლემურ თემებზე დღეს ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II და სრულიად სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ II ესაუბრნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ილია მეორემ საპატრიარქოში სომხეთის მთელ დელეგაციას უმასპინძლა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას გუშინ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს. სრულიად სომეხთა პატრიარქმა გარეგინ მეორემ ბრძანა, რომ თბილისში გამართულმა შეხვედრებმა მას „დიდი ოპტიმიზმი ჩაუსახა“.
„მადლობა მინდა, გადაგიხადოთ იმ თბილი დამოკიდებულებისთვის, რომელიც ჩვენ მიმართ გამოიჩინეთ. დღევანდელმა და გუშინდელმა შეხვედრებმა ნამდვილად ოპტიმისტური განწყობა ჩამისახა იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენს ხალხსა და ეკლესიას აწუხებს. მახარებს შეთანხმება იმის შესაებ, რომ რა სტატუსიც სომხურ ეკლესიას აქვს საქართველოში, იგივე სტატუსი მიენიჭება ქართულ ეკლესიას სომხეთში. ქართული ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების კუთხით არანაირი პრობლემა არ ყოფილა და იმედი გვაქვს, რომ ეს გზა ისე წარიმართება, როგორც ადრე, ჩვენი წინაპრების დროს მიდიოდა. ძალღონეს არ დავიშურებთ, რომ ქართულმა ეკლესიამ სომხეთში საქმიანობა წარმატებით განახორციელოს“, – ბრძანა გარეგინ მეორემ.