სამართალი
ბელგიის სახელმწიფო მდივანი: თავშესაფრის მაძიებელ ქართველთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა

 საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე დარახველიძესთან 12 სექტემბერს გამართულ ერთობლივ ბრიფინზე საუბრისას, თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა, ნიკოლ დე მურმა განაცხადა, რომ ბელგიაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა მხოლოდ მცირე ნაწილის მოთხოვნა კმაყოფილდება.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მართალია ბელგია მზადაა კარი გაუღოს იმ ქართველებს, რომლებსაც სურთ, ისწავლონ ან იმუშაონ ბელგიაში…“, ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც იგი საქართველოში ჩამოვიდა, არის „ამ პროცედურების კიდევ უფრო კარგად ახსნა. შევამჩნიე, რომ ვრცელდება „ფეიკ ნიუსები“ ბელგიაში მიგრაციასთან დაკავშირებით“.

არსებობს კანონიერი და არაკანონიერი მიგრაციის გზები“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია ბელგიაში კანონიერი გზით მიგრაციასთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ ბელგიაში ჩასვლისას უსიამოვნო მოულოდნელობები არ დახვდეთ“.

ნიკოლ დე მურმა ასევე აღნიშნა, რომ ქართველების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევების ძალიან მცირე ნაწილი კმაყოფილდება, რადგან ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა“.

მისივე თქმით, თავშესაფრის მოთხოვნა არასოდეს კმაყოფილდება ეკონომიკური მდგომარეობის საფუძველზე. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ თუ აღმოჩნდება, რომ საქართველოს მოქალაქეები უკანონოდ შევიდნენ ბელგიაში ან ნებართვის გარეშე იმყოფებიან იქ, მათ დაუყონებლივ გააბრუნებენ უკან.

ჩვენმა ქვეყნებმა შეიმუშავეს ეფექტიანი პროცედურა, რაც ასევე მოიაზრებს მოგზაურობის აკრძალვას“, – განაცხადა მან და დასძინა: საქართველო სწრაფად ვითარდება. მსურს, ვურჩიო ახალგაზრდებს, რომ განაგრძონ შესაძლებლობების მოძიება თავიანთ ქვეყანაში, აქ არსებობს შესაძლებლობები, ბელგიაში ცხოვრება კი ყოველთვის იოლი არ არის“.

ბრიფინგამდე სახელმწიფო მდივანი ნიკოლ დე მური შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შეხვდა და ევროკავშირსა და შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საუბარი ასევე შეეხო ე.წ. გასვლის კონტროლის მექანიზმის ეფექტიანი განხორციელების კუთხით სამინისტროს მიერ გაწეულ ძალისხმევას, რაც ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის არაკეთილსინდისიერად გამოყენების პრევენციას“.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივ თანამშრომლობაზე სამართალდაცვით სფეროში და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები დასახეს.

ვიზიტის ფარგლებში, ბელგიის სახელმწიფო მდივანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტსა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ესტუმრება, სადაც ადგილზე გაეცნობა მუშაობის სპეციფიკას და არსებულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს.