პუბლიკაციები
ბათუმში გახსნილ რუსულ სკოლას არ აქვს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის უფლება - განათლების სამინისტრო

 საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში ე.წ. რუსული სკოლის “School Club Georgia” გახსნის შესახებ და აცხადებს, რომ ე.წ. რუსული სკოლა არ არის ავტორიზებული განათლებისა სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და შესაბამისად, მას არ აქვს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულია უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა, კერძოდ, ავტორიზაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობის შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე განხორციელება ან/და ამგვარი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება და ასევე, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება.

"განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ამ საკითხის შესწავლის მიზნით შესაბამის უწყებას მიმართა", - წერია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმში კერძო რუსული სკოლის გახსნის ამბავი გაზეთმა „ბათუმელებმა“ გაავრცელა. მათ სტატიაში ვკითხულობთ, რომ სკოლის დირექტორიც და მასწავლებლებიც პირადი საუბრისას ადასტურებდნენ, რომ სკოლაში ნებისმიერ რუსულენოვან მოსწავლეს შეეძლო ჩარიცხვა და რომ სასწავლო პროცესი რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ სასწავლო პროგრამას ეფუძნება.

თუმცა, ოფიციალური კომენტარის დროს დირექტორი უარყოფდა, რომ ამ დაწესებულებაში სკოლა იყო გახსნილი.

წყარო: რადიო თავისუფლება