რედაქტორისგან
ღია წერილი აშშ-ის ელჩს საქართველოში ჯონ ბასს

bass2

ბატონო ელჩო, ეს წერილი თქვენი ქორწინების მიზეზით როდი დაიწერა, რის გამოც რამდენიმე დღის წინათ კალიფორნიაში გაემგზავრეთ, ის თქვენს სამსახურებრივ წუნს უკავშირდება. მოგმართავთ იმიტომ, რომ სწორედ თქვენ ბრძანდებით აშშ-ის მეფისნაცვალი საქართველოში, თუმცა, რუსეთის იმპერატორის მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვისგან განსხვავებით, აქ საკმაოდ უხეირო როლს თამაშობთ.

საქართველოში მუშაობის მესამე წლისთავზე თქვენ, ალბათ, არაერთხელ გსმენიათ უნიკალური ქართული ხალხური სიმღერები და იცით, რომ ოთხ ხმაში მთავარი აქ „ბასია“, რომელიც ტონალობას უჩვენებს, ხოლო დანარჩენი სამი სრულად ორიენტირებულია მასზე. „ბასის“ როლი ქართულ პოლიტიკურ „მრავალხმიანობაში“ იდენტურია: ქართულ პოლიტიკას ტონს ელჩი ბასი აძლევს, ხოლო ხელისუფლების სამი შტო – პრეზიდენტი, პარლამენტი და მთავრობა – სრულად ორიენტირებულია მასზე.

ტყუილუბრალოდ როდი შეგარქვეს „კრიზისული მენეჯერი“: ვაშინგტონის ადმინისტრაცია, ჩვეულებრივ, ბასს ყველა „ცხელი“ წერტილის „ცხელ“ მონაკვეთებზე აგზავნის: ის თურქეთისა და კვიპროსის კონფლიქტის დარეგულირებაში, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების თაობაზე ნატოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, სათავეში ედგა ბაღდადის აღდგენის საქმეში სამთავრობო რაზმს ერაყში, ხელმძღვანელობდა სახელმწიფო დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების ოპერატიულ ცენტრს, რომელიც აშშ-ის საელჩოს თანაშრომლების ევაკუაციას უზრუნველყოფდა საგანგებო სიტუაციებში.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს ევაკუაციამდე საქმე არ მივა. თუმცა, ნება მომეცით, ჰიპოთეტური კითხვა დაგისვათ: რა განცდით დატოვებთ საქართველოს ამდენი „დემოკრატიის“ დამტოვებელი – 20 % დაკარგული ტერიტორიებისა, არასრულყოფილი საარჩევნო სისტემა, ხელისუფლების კონტროლს დაქვემდებარებული სასამართლოები და ტელემედია, „ნარკომანი“ ეკონომიკა, რომელიც ევროპული გრანტებისა და ამერიკული დახმარების „ნემსზე“ ზის, ტოტალური უმუშევრობა, სიღატაკე და 30 ათასი პატიმარი ციხეებში – 300 %-ით მეტი, ვიდრე საქართველოს სოციალისტურ რესპუბლიკაში იყო და 600 %-ით მეტი, ვიდრე პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას, მმართველობისას?

მოდი, თქვენი მუშაობის სულ ბოლო წუნზე შევჩერდეთ და გავიხსენოთ ფრაგმენტი პუბლიკაციიდან „და წვიმა ყველა ნაკვალევს შლის...“, რომელიც 26 მაისს დილით საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ საიტზე www.saqinfrom.ge გამოქვეყნდა: „ჯონ ბასს... წუხელ ერთი სიტყვით შეეძლო სისხლისღვრის შეჩერება, თუმცა ეს არ გაუკეთებია! უფრო მეტიცტრაგედიამდე ორი საათი ადრე მოიწონა ხელისუფლების თვითნებობა, როცა სატელევიზიო განცხადებაში დემონსტრანტები მონათლა რადიკალებად, რომლებიც ცდილობენ, გამოიწვიონ დაძაბულობა და კონფრონტაცია“, ანუდესტრუქციულ, საზოგადოებისათვის საშიშ და გასანეიტრალებელ ელემენტებად! 

ამგვარად აშშ- 2011 წლის მაისში მორიგ ჯერზე უგანა პრეზიდენტ სააკაშვილს (როგორც 2008 წლის აგვისტოში, როცა არ გადაათქმევინა, დაეწყო საომარი მოქმედებები), რადგან ის თავისი უზომო ამბიციებითა და რუსეთთან მტრობით ამერიკისთვის მიუღებელი ხდება. მის გამო საქართველოს ვერ იღებენ ნატოში, რადგანაც საქართველოს წევრობის შემთხვევაში სააკაშვილი ალიანსისგან მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დახმარებას, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას რუსეთთან ომის გზით. ამიტომ ვაშინგტონმა სასწრაფოდ უნდა მოახდინოს მიშას დისკრედიტაცია, რათა საქართველოში რიგგარეშე არჩვენები ჩაატაროს. ამისათვის სააკაშვილი ჯერ პრაქტიკულად სომხად გამოაცხადეს (ტელეკომპანიაიმედი“, 2011 წლის 19 მაისი, „ქრონიკა“ 20:00 სთ.), წუხელ კი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, აიძულეს, დაეღვარა საკუთარი ხალხის სისხლი, რი გამო სისხლიან დიქტატორად გამოაცხადეს“.

პუბლიკაციის ავტორის ვერსიის კომენტარის გარეშე გვინდა, მოვახდინოთ იმის კონსტატაცია, რომ დღეს თავის ვირტუალურ სამყაროში მყოფი სააკაშვილის ჩამოგდება პრეზიდენტის პოსტიდან და მისი, ვთქვათ, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მთავარ რეჟისორად დანიშვნა პროგრამა-მაქსიმუმი აღმოჩნდა: აშშ-ის უახლოესი მიზანი კი, რომელმაც სპეცრაზმის მიერ მომიტინგეთა სადამსჯელო ოპერაციის ჩატარების პროვოცირება მოახდინა, სავარაუდოდ, ვაჭრობის საგნის შექმნა იყო, რომელიც შეიძლებოდა გაეცვალათ საქართველოს ხმაში რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მისაღებად! აშშ არ ითხოვს სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემას (ჯერჯერობით არ ითხოვს) და არც რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს (როგორც ეს 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ მოხდა) იმის სანაცვლოდ, რომ საქართველო „ვე-ტე-ო“-ში რფ-ის მიღებას დათანხმდეს (როგორც ცნობილია, 2011 წლის 26 მაისამდე პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოს „ხმაში“ რუსეთისთვის არარეალურ ფასს – რუსეთის ჯარების გაყვანას, ან, როგორც მინიმუმ, რუსეთის საზღვრებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს ითხოვდა).

ბატონო ბას, განა არ გვესმის, რომ რუსეთის ფედერაციის გაწევრება „ვე-ტე-ო“-ში აშშ-ს უფრო აღელვებს, ვიდრე რუსეთს?! განა ამერიკა არ არის დაინტერესებული რუსეთის ეკონომიკის მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებში სრულად ინტეგრირებით, რათა ისეთი ბერკეტის დახმარებით, როგორიცაა „ვე-ტე-ო“, მასზე გავლენა მოახდინოს და სრულად გაიზიაროს ყველა „ლხინი“, უფრო ხშირად კი სავაჭრო პარტნიორობის „ჭირი“ გლობალური ეკონომიკური კრიზისების სახით, რომლებიც, ვაშინგტონის თვალსაზრისით, საკმარისად ვერ შეეხო რუსეთს?! ასეთ შემთხვევაში, მაშ ვის ინსტრუქციებს ასრულებდა ქალბატონი ბურჯანაძე 21-26 მაისს: რუსეთის თუ აშშ-ის, ბატონო ელჩო?!

და კიდევ, იცით, რას ამბობს უბრალო ხალხი საქართველოში – ქუჩებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საღამოობით ეზოებში შეკრებილი? „ამერიკა საქართველოს უარეს მომავალს უმზადებს, რადგან მიხეილ სააკაშვილის ყველა მემკვიდრე, რომლებიც დღეს ამერიკულ „ქასთინგს“ გადის, მასზე ბევრად უარესია...“

ბატონო ბას, ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნუ დაივიწყებთ „ბასის“ როლს ქართულ მრავალხმიანობაში, აფრინეთ ნოტა ამის შესახებ ვაშინგტონში და შეეცადეთ, მეტად „აღარ აიღოთ ყალბი ნოტი“... გილოცავთ დაქორწინებას და გულწრფელად გისურვებთ, რომ ქორწინებაში იმაზე მეტად გწყალობდეთ იღბალი, ვიდრე საქართველოში მუშაობაში!

 

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი

არნო ხიდირბეგიშვილი