დღეს, 2011 წლის 10 ივნისს, 12.00 საათზე, საქართველოს ოფიციალურ 6-დღიან ვიზიტად ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი, უწმიდესი გარეგინ II ეწვევა. საქართველოს საზღვარზე მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორეს ხელმძღვანელობით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის დელეგაცია დახვდება. ამავე საღამოს გაიმართება შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.
ვიზიტის პროგრამაში, რომელიც 10-დან 16 ივნისამდე გასტანს, არის შემდეგი ღონისძიებებიც:– ერთობლივი ღვთისმსახურება წმინდა სამების საკათედრო ტაძარში;
– ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმის მონახულება;
– ხელნაწერთა ინსტიტუტში სტუმრობა;
– სტუმრობა თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში, პარაკლისი;
– სომხეთის საელჩოს მონახულება საქართველოში;
– სტუმრობა თბილისის „დავთიანების“ სახელობის თოჯინების სახლში;
– თბილისის სურბ ეჩმიაწინის სახელობის ეკლესიის ეზოში მდებარე კულტურული ცენტრის – „ჰაიარტუნის“ – გახსნის ცერემონია;
– საქართველოში სომხური დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა;
– შეხვედრა და საუბრები საქართველოს პატრიარქთან, რომელიც თავისი საპატიო სტუმრის პატივსაცემად გამართავს ბანკეტს, სადაც მოწვეულია საქართველოში წარმოდგენილი მთელი დიპკორპუსი.
2011 წლის 13 ივნისს სრულიად სომხეთის კათოლიკოსი, უწმიდესი გარეგინ II საქართველოს დედაქალაქს დატოვებს და გაეშურება სამცხე-ჯავახეთში, სადაც მოინახულებს ბორჯომს, ახალქალაქს, ახალციხეს, ნინოწმინდას, ასპინძასა და წალკას. პროგრამაშია სომხური და ქართული ეკლესიების მონახულება, ღვთისმსახურების აღვლენა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიებში, სომხურ სკოლებსა და კულტურულ ცენტრებში სტუმრობა, რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრა. წალკის მონახულების შემდეგ, 2011 წლის 16 ივნისს, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი, მისი უწმიდესობა გარეგინ II საზღვრისკენ გაემართება და საქართველოს დატოვებს.