პუბლიკაციები
აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ინტერვიუ მისცა გაქცეული დამნაშავე დავით კეზერაშვილს ტელეარხს

 საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. 8 აგვისტოს ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა რიგი საკითხები მიმოიხილა, მათ შორის, რუსული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, აშშ-ის, როგორც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის როლი, მის წინააღმდეგ ცოტა ხნის წინ გაჟღერებული კრიტიკა. კელი დეგნანმა ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და ქვეყანაში მედიის თავისუფლების შესახებაც ისაუბრა.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით საუბრისას, ელჩმა დეგნანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საუკეთესო პასუხი რუსეთის აგრესიაზე არის „საერთაშორისო ერთობა და ერთობა საქართველოს შიგნით… საქართველოში, საუკეთესო გზა რუსული აგრესიის წინააღმდეგ დასაცავად არის ერთობა ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების, ღია და თავისუფალი საზოგადოების მშენებლობის საქმეში“.

ელჩი დეგნანის თქმით, უკვე სამი ათწლეულია, რაც აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ეხმარება მას „დემოკრატიის მშენებლობაში, ეკონომიკისა და საზღვრების დაცვის შესაძლებლობის გაძლიერებაში“.

ამ კუთხით, აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ „თითქმის ყოველდღე ვცდილობ, რომ საქართველოს ლიდერები ერთად დავსხა, დავეხმარო მათ არსებული ღრმა პოლარიზაციის მოგვარებაში. ამიტომ, სამწუხაროა, როდესაც ხალხი ცდილობს, რომ დასავლელ პარტნიორებს დააკისროს პასუხისმგებლობა საქართველოში არსებულ ღრმა პოლარიზაციასა და პოლიტიზირებულ გარემოზე“.

უკრაინის ომზე საქართველოს რეაგირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, ელჩმა დეგნანმა განაცხადა: „საქართველო და უკრაინა ბუნებრივი მოკავშირეები არიან და მათ ნებისმიერი უთანხმოება პირადად უნდა მოაგვარონ და არა მედიის საშუალებით. ვიცით, რომ კრემლი საქართველოსა და უკრაინის დაყოფას ცდილობს… ცდილობს ქართველებისა და უკრაინელების დაბნევას. ასე რომ, საჯარო დავები მხოლოდ ეხმარება კრემლს თავისი ბინძური საქმის შესრულებაში“.

ელჩმა დადებითად შეაფასა როგორც ქართველი ხალხის მიერ უკრაინაში გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება, ისე ხელისუფლების მიერ საერთაშორისო ფორუმების, ფინანსური სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის კუთხით განხორციელებული ქმედებები.

რაც შეეხება განცხადებებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მეტის გაკეთება შეეძლო და რომ მასზე დასავლელი პარტნიორები ზეწოლას ახდენენ, რათა ასე მოიქცეს, ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არანაირ შურისძიებას ამის გამო ადგილი არ ჰქონია. „თავიდანვე, აშშ მკაფიოდ აცხადებდა, რომ ჩვენ კარგად გვესმის საქართველოს სენსიტიური მდგომარეობა… და რუსული აგრესიის ხანგრძლივი ისტორია“, – აღნიშნა მან.

მმართველი პარტიის ყოფილი წევრების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ აშშ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, აშშ-ის ელჩმა ქართულად გაიმეორა: „ჩვენ ომი არ გვინდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა“.

„ვისაც ნამდვილად აინტერესებს ჩემი კომენტარები და ჩემი პასუხები, ხედავს, რომ ამ კითხვებს ბევრჯერ ვუპასუხე, ამჯერად ქართულად და ასევე ინგლისურად“, – აღნიშნა ელჩმა. „ისინი, ვინც აგრძელებენ იმავე კითხვების დასმას… ან ნამდვილად არ აინტერესებთ რაც ვთქვი, ან საკუთარი მოტივები აქვთ გააგრძელონ იმის გამეორება, რაც დეზინფორმაციად, ცრუ ინფორმაციად იქნა მიჩნეული“.

მისივე თქმით, მართალია, მისაღებია, არ ეთანხმებოდე სტრატეგიულ პარტნიორებს, თუმცა „პრობლემა მდგომარეობს დეზინფორმაციის კამპანიებში, რომლებიც სიმართლეს უგულებელყოფს ან ამახინჯებს. ამას დიდი დოზით ვხედავთ საქართველოში, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და მისი მიზანი ქართველების დაბნევა და გაყოფაა“.

„ჩვენ არასდროს გვიცდია საქართველოს ომში ჩათრევა… ეს უბრალოდ პროპაგანდაა“, – დასძინა ელჩმა დეგნანმა.

ივანიშვილთან მარტში გამართული შეხვედრის შესახებ და მმართველი პარტიის დამფუძნებლის მიერ ამ შეხვედრის გასაჯაროვების მიზეზებზე საუბრისას, ელჩმა დეგნანმა განაცხადა, რომ „არ მსურს ბატონ ივანიშვილის მოტივებზე სპეკულირება. ჩვენი მხრივ, შემიძლია განვაცხადო, რომ როგორც წესი, არ ვასაჯაროებთ პირად შეხვედრებს ბატონ ივანიშვილთან თუ ვინმე სხვასთან. ეს დიპლომატებისთვის მიღებული წესი არ არის…“.

თუმცა, მისივე თქმით, როგორც კი ივანიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია შეხვედრის შესახებ, მანაც დაადასტურა, რომ ასეთი შეხვედრა შედგა და რომ მხარეებმა აშშ-საქართველოს პარტნიორობაზე ისაუბრეს.

„ბატონი ივანიშვილი ძალიან გავლენიანი ქართველია. ის ძალიან წარმატებული ბიზნესმენია და ამიტომ ნორმალურია, რომ გვინდოდეს მასთან შეხვედრა, ისევე როგორც ბევრ სხვა ქართველთან. სინამდვილეში, სწორედ ეს არის რასაც დიპლომატები ვაკეთებთ“, – განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ მათ არ უსაბრიათ ივანიშვილის „პირად ფინანსურ გარიგებებზე, სანქციებზე ან რაიმეზე, რაც, შესაძლოა, წარმოჩენილიყო როგორც შანტაჟის, ან საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა“.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კელი დეგნანმა განაცხადა, რომ „ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ მოდერნიზაციის მიმართულებით რამდენიმე ძალიან საჭირო ნაბიჯი გადადგას“.

„ეს კრიტიკა არ არის, მაგრამ საჭიროა საქართველოს ლიდერებმა გაიგონ, რომ ევროკავშირს სურს იხილოს, რომ საქართველო ერთობლივად მოქმედებს იმაზე, რაც ასე მნიშვნელოვანია მისი მომავლისთვის“, – განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ ევროკავშირს სურს „ასევე იხილოს, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ოპოზიციას, მმართველ პარტიას, სამოქალაქო საზოგადოებას და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ ერთად მუშაობა და უთანხმოებების გვერდზე გადადება“.

„ვფიქრობ, დრო გვიჩვენებს, იქნება თუ არა ამ პროცესის შედეგი ნამდვილად ინკლუზიური პროცესი, რომლის მეშვეობითაც მოცემული რეკომენდაციები შესრულდება“, – დასძინა მან.

დეოლიგარქიზაციის შესახებ ერთ-ერთ რეკომენდაციაზე საუბრისას, აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ამ საკითხში ვერ ჩაერევა და რომ ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს, თუ როგორ აღკვეთოს ვინმეს არასათანადო გავლენა პოლიტიკურ, სასამართლო თუ სხვა პროცესებზე.

„სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს სამუშაო ჯგუფები ინკლუზიური იყო, რათა ყველას აზრი მოისმინონ და განიხილონ და კონსენსუსი იქნას მიღწეული იმასთან დაკავშირებით, თუ რომელია საუკეთესო გზა არასათანადო გავლენის აღსაკვეთად“, – განაცხადა ელჩმა.

კითხვაზე არის თუ არა ივანიშვილი ოლიგარქი, დეგნანმა აღნიშნა: „შეერთებული შტატები ვერ იტყვის მასზე ან ვინმე სხვაზე, არის თუ არა ოლიგარქი. ეს ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს”.

რაც შეეხება სასამართლო სისტემის რეფორმას, ელჩმა განაცხადა, რომ აშშ არ ერევა სასამართლოს გადაწყვეტილებებში. „ბევრი საქმეა გასაკეთებელი … მაგრამ საბოლოო ჯამში, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს, რომ მას სურს იმ რეფორმების გატარება, რომლებიც რეალურად დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის შესაქმნელადაა საჭირო“.

ელჩის თქმით, აშშ წლების განმავლობაში მუშაობს, რათა სასამართლო სისტემა „უფრო ეფექტიანი და უფრო გამჭვირვალე“ გახდეს და „უფრო მეტად უპასუხოს მოქალაქეთა საჭიროებებს“.

„ჩვენი ინვესტიციის მიზანია დავეხმაროთ საქართველოს გამჭვირვალე, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის შექმნაში, ვინაიდან ჩვენ გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ეს. ჩვენ კვლავაც დავეხმარებით საქართველოს ამ რეფორების გატარებაში“, – განაცხადა მან.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრისას, ელჩმა დეგნანმა აღნიშნა, რომ „ჩვენ მუდმივად ვიგებთ მის მდგომარეობას. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ის სათანადო სამედიცინო მკურნალობას იღებს და რომ მას ღირსეულად ეპყრობიან, ადამიანის უფლებებისა და კონსტიტუციური უფლებების შესაბამისად“.

მედიის თავისუფლების შესახებ საუბრისას, კელი დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს საელჩოსთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ვინაიდან „მედიის თავისუფლება ასე მნიშვნელოვანია ინფორმირებული საზოგადოებისთვის. ასე იღებს საზოგადოება ზუსტ ინფორმაციას… და საკუთარ მთავრობას პასუხისმგებლობას აკისრებს… და მათ უნდა შეძლონ უსაფრთხოდ მუშაობა, დევნის, ცემის ან დაშინების შიშის გარეშე“.

„ამიტომ, ყველა ხელისუფლება პასუხისმგებელია უზრუნველყოს, რომ ჟურნალისტებმა უსაფრთხოდ შეძლონ მუშაობა, ყოველგვარი ჩარევის გარეშე. ამიტომ, ვფიქრობ, ეს არის ის, რის შესახებაც მუდმივად უნდა შევახსენოთ მათ“, – დასძინა მან.