საზოგადოება
გია ბურჯანაძე: „ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებთ – ჩვენ ყველანი შეფიცულები ვართ!“

burjanadze_gia3„სახალხო კრების“ შეფიცულთა რაზმის ხელმძღვანელი გია ბურჯანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი დაანებოს რიგითი ადამიანების დევნასა და დაკავებას და თუ რაიმე აინტერესებს, „კრების“ ლიდერებს ჰკითხოს.

„ჩვენ აქ ვართ და ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებთ – ჩვენ ყველანი შეფიცულები ვართ!“, – განაცხადა ბურჯანაძემ დღეს, 9 ივნისს, ვერის პარკში თბილისის აქტივის ნაწილთან შეხვედრისას და აღნიშნა, რომ „25 მაისის შემდეგ ხელისუფლება ტერორისტულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, რომელიც საკუთარ ერს ატერორებს“.

სწორედ იმიტომ არის „სახალხო კრება“ შექმნილი, რომ ებრძოლოს ამ ტერორიზმს, პირველ რიგში, უნდა გამოვიყვანოთ საპატიმროებიდან ჩვენი მხარდამჭერები, ის დამტვრეული ხალხი, რომელთა ფიზიკურად და მორალურად განადგურებას ცდილობს ხელისუფლება“, – მიმართა ბურჯანაძემ შეკრებილთ.

დღევანდელ შეხვედრას კრების ლიდერთაგან, ასევე, ესწრებოდნენ ნონა გაფრინდაშვილი, ირაკლი ბათიაშვილი, ნინო ბურჯანაძე, ელიზბარ ჯაველიძე, თემურ შაშიაშვილი და რეზო ესაძე. მათ მხარდამჭერებს მოუწოდეს, მაქსიმალურად, „კარდაკარის“ პრინციპით მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით, რეგიონებში, 26 მაისისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ.