პოლიტიკა
ჟენევის მოლაპარაკებების მე-16 რაუნდი: ურთიერთბრალდებები

jenevaaთბილისი აფრთხილებს, რომ იგი აღარ მიიღებს მონაწილეობას ოქტომბერში დაგეგმილი ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში, თუ რუსეთი „გააგრძელებს ტერორისტული აქტების დაგეგმვას“, – განაცხადეს ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის შემდეგ.

„ქართულმა მხარემ მკვეთრი მესიჯით მიმართა როგორც რუსულ მხარეს, ისე საერთაშორისო პარტნიორებს, რომ თუკი გაგრძელდება ტერაქტების მცდელობა, საქართველო შეწყვეტს მონაწილეობას ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესში“, – განუცხადა რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიუროს საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა.

„შეუძლებელია რაიმე სხვა საკითხზე სერიოზულად ელაპარაკო მხარეს, რომელიც მუდმივად ფიქრობს, როგორ მოგიწყოს ტერაქტები“, – განაცხადა მან მე-16 რაუნდის დასრულების შემდეგ.

ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომ მას ვერ წარმოუდგენია მოლაპარაკებების გაგრძელება იმ სახელმწიფოსთან, რომელიც მხარს უჭერს სახელმწიფო ტერორიზმს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2 ივნისს „ტერორისტული აქტის განხორციელების მორიგი მცდელობა“ აღიკვეთა და დაკავებულ იქნა გალის რაიონის ორი მკვიდრი, რომელთაც აფეთქების მოწყობა სეპარატისტულ აფხაზეთში მყოფმა რუსეთის სპეცსამსახურების ორმა თანამშრომელმა დაუკვეთა.

6 ივნისს, როდესაც მომლაპარაკებლები უკვე ჟენევაში იყვნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ტერორისტული აქტის განხორციელების კიდევ ერთი მცდელობა“ აღკვეთა. სამინისტროს თქმით, სამართალდამცველებმა ერთი პიროვნება დააკავეს, რომელსაც 2000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, რომელიც მას სამხრეთ ოსეთში მომუშავე რუსმა ოფიცერმა შესთავაზა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის წინ ბომბი უნდა აეფეთქებინა.

„ბოლო ერთ კვირაში მოხდა ორი ტერაქტის მცდელობა. ახლა ჩვენ რამდენი ხანი უნდა გვქონდეს რუსული სპეცსამსახურების არაკომპეტენტურობისა და ჩვენი იღბლიანობის იმედი? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ტერაქტები შეწყდეს – ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა არ არსებობს“, – განაცხადა უტიაშვილმა.

ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლებიც თბილისის, მოსკოვის, ვაშინგტონის, სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენელთა მონაწილეობით იმართება, ჟენევაში 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორ თვეში დაიწყო.

მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებულ მოკლე განცხადებაში ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მე-16 რაუნდის მონაწილეებმა ადგილზე არსებული ვითარება შეაფასეს „როგორც სტაბილური, თუმცა არაპროგნოზირებადი, რომელსაც სახიფათო ესკალაციის პოტენციალი აქვს ძალიან შემაშფოთებელი მოვლენებისა და ინციდენტების გამო“.

შუამავლებმა, ანუ იმავე თანათავმჯდომარეებმა, როგორც მათ ოფიციალურად უწოდებენ, ხაზი გაუსვეს, რომ საჭიროა, განახლდეს „მხარეთა ორხრივი და კოლექტიური მცდელობები დაძაბულობის განმუხტვის მიზნით“.

იმ „ტერორისტული მცდელობების“ გარდა, რომლებზეც საქართველო საუბრობს, მე-15 და მე-16 რაუნდებს შორის პერიოდში ორი სერიოზული ინციდენტი მოხდა – ერთ-ერთ მათგანს აპრილის დასაწყისში ჰქონდა ადგილი, რომელსაც რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ძალების ერთი სამხედრო თანამშრომელი და ორი ქართველი ემსხვერპლა გალში; ხოლო მეორე მაისში მოხდა, როდესაც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან საჩხერის რაიონში ორი ქართველი სამოქალაქო პირი დაიჭრა.

„მსხვერპლის ასეთი დონე ორწელიწადნახევრიანი მუშაობის შემდეგ, გარკვეულწილად, გამაფრთხილებელი სიგნალია“, – განაცხადა თანათავმჯდომარემ ევროკავშირიდან პიერ მორელმა.

გაეროს წარმომადგენელმა ანტი ტურუნენმა განაცხადა, რომ დისკუსიების მე-16 რაუნდზე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე გამახვილდა ყურადღება „განსაკუთრებით პოტენციურად ტერორისტული ხასიათის მქონე ინციდენტებზე“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა მე-16 რაუნდის შემდეგ „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ საქართველოს ბრალდებები – რომ სავარაუდო ტერორისტული აქტების უკან რუსული სპეცსამსახურის წარმომადგენლები დგანან, „საინფორმაციო-პროპაგანდისტულ მუშაობაში“ თბილისის „ვარჯიშის“ ნაწილია.

„მაგრამ, ამავე დროს, ვუთხარით, რომ თუ ქართულ მხარეს სერიოზული ფაქტები, ციფრები და მონაცემები აქვს, ჩვენ, როგორც პასუხისმგებელი ქვეყანა, მზად ვართ, განვიხილოთ ეს ფაქტები, შევისწავლოთ და რაიმე კომენტარები გავაკეთოთ ამაზე, როგორც ეს მოხდა რამდენიმე თვის წინათ“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

მას მხედველობაში ჰქონდა საქართველოს ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთში მომუშავე რუსი სამხედრო ოფიცერი იდგა თბილისში შარშან შემოდგომაზე განხორციელებული აფეთქებების უკან. საქართველომ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს მტკიცებულებები გადასცა, მოსკოვმა არა თუ არ გამოიჩინა თანამშრომლობის სურვილი, არამედ ახალი ტერორისტული აქტების დაგეგმვა განაგრძო.

კარასინმა, ასევე, განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ბრალდებების მიზეზი ის „შიდაპოლიტიკური სირთულეებია, რომელთაც თბილისის ამჟამინდელი რეჟიმი აწყდება“.

მისი თქმით, ეს „ანტირუსული განწყობების საკმაოდ პროვოკაციულ საფუძველზე საზოგადოების კონსოლიდაციის მცდელობა“ იყო.

„[თბილისი] ცდილობს, ვითარება ისე წარმოაჩინოს, თითქოს რუსეთია დამნაშავე ყველა უბედურებაში, როგორც საგარეო, ისე შიდა საკითხებში“, – განაცხადა კარასინმა.

ჟენევის დისკუსიები ორ სამუშაო ჯგუფში იმართება, რომელთაგანაც ერთი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს, ხოლო მეორე – ჰუმანიტარულ საკითხებს. რაიმე პროგრესი არც მეორე სამუშაო ჯგუფში შეინიშნება.

ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის – ლიტვის, სპეციალურმა წარმომადგენელმა გიედრიუს ჩეკუოლისმა მოუწოდა მხარეებს, „სასწრაფოდ გააუმჯობესონ პირობები“ 2008 აგვისტოს ომით დაზარებული მოსახლეობისთვის.

მან შეშფოთება გამოხატა იმ სირთულეების გამო, რომელთაც ადგილობრივი მოსახლეობა განიცდის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებზე თავისუფლად გადაადგილების კუთხით. მან, ასევე, მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებული ადგილობრივი მცხოვრებნი.

ჩეკუოლისის თქმით, მოსახლეობისთვის გაზის მიწოდების აღდგენა რომ ვერ მოხერხდა, „ერთ-ერთი უმსხვილესი გამოწვევაა, რომელსაც უარყოფითი ზეგავლენა აქვს [ახალგორის] ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე“.

„სკოლების შესაბამისი გათბობა ვერ ხერხდება ხანგრძლივი ზამთრის პერიოდში და სახლებში სანიტარიული მდგომარეობა სავალალოა, – განაცხადა ჩეკუოლისმა. – ვერ ვხედავ რაიმე გამართლებას იმისას, რომ კონფლიქტით დაზარალებულებს ეზღუდებათ ძირითადი კომუნალური მომსახურებები“.

საქართველომ ახალგორის რაიონს, რომელიც აგვისტოს ომამდე თბილისის კონტროლს ექვემდებარებიდა, გაზის მიწოდება შეუწყვიტა და ერთ-ერთ მიზეზად ის დაასახელა, რომ არ სურს მის მიერ მიწოდებული გაზი იქ განთავსებულმა რუსმა სამხედროებმა მოიხმარონ.

ერთობლივ განცხადებაში თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ მონაწილეები შეთანხმდნენ მოლაპარაკებათა შემდეგი, მე–17 რაუნდი 4 ოქტომბერს გამართონ – ეს ყველაზე გრძელი ინტერვალია რაუნდებს შორის.