პოლიტიკა
SOS!!! საქინფორმს დარბევა ემუქრება!

logo_GEO2011 წლის 23 მაისს ყოველკვირეულ გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნდა საქართველოში ამერიკის ელჩ ჯონ ბასისადმი საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორის შემდეგი შინაარსის მიმართვა:

„საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების პატრიოტულად განწყობილი თანამშრომლებისგან – საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მუდმივი მკითხველებისგან – მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩვენი ჟურნალისტებისა და მთავარი რედაქტორის წინააღმდეგ პროვოკაციები მზადდება.

2011 წლის 19 მაისის „იმედის“ არხზე გასული ტელესიუჟეტის (20.00 სთ „ქრონიკა“) ავტორებმა და

დამკვეთებმა, რომლებმაც საქინფორმი – საქართველოს პრორუსული პრესის ლიდერად, ხოლო მთელი ჩვენი ჟურნალისტური კოლექტივი რუსეთის ინტერესებისათვის მომუშავე სამშობლოს მოღალატეებად გამოაცხადეს, საგანგებოდ შექმნეს ფონი, რათა შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩვენი ჟურნალისტებისთვის პროვოცირებული ქუჩის ინციდენტი ან მთავარი რედაქტორისათვის მოწყობილი ავტოსატრანსპორტო შემთხვევა აღქმული იქნეს როგორც მოსახლეობის სიძულვილი ოკუპანტების მსახურთა მიმართ! რის შემდეგაც დააკავებენ „დამნაშავეს“, რომელიც, სავარაუდოდ, ოპოზიციის წარმომადგენელი აღმოჩნდება, რითაც ბარემ ოპოზიციაც დისკრედიტებული იქნება. „დამნაშავეს“, ანუ უშუალო შემსრულებელს, ამ ბინძური ოპერაციისთვის სისხლის სამართლის სხვა დანაშაულს აპატიებენ, რომელიც ხანგრძლივი პატიმრობით ისჯება. ვაფრთხილებთ აშშ-ის საელჩოს, რომელმაც არაერთხელ დააფიქსირა, რომ მედიის თავისუფლება და ჟურნალისტის ხელშეუხებლობა საქართველოში დემოკრატიის მთავარი მაჩვენებელია: ნებისმიერი მსგავსი შემთხვევისას (ჟურნალისტის სიცოცხლის ხელყოფის ან მისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის) პასუხისმგებლობა სრულად და მთლიანად დაეკისრება როგორც საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას, ისე მის ამერიკელ კონსულტანტ-კურატორებს!“

ამის შემდეგ ადგილი ჰქონდა 26 მაისის ტრაგიკულ მოვლენებს, რის შემდეგაც საქართველოში აშშ-ის კონგრესმენები და ჰოლივუდის დელეგაცია ჩამოვიდა ფილმის – „აგვისტოს 5 დღე“ – პრემიერაზე.

თუმცაღა, 2011 წლის 7 ივნისს, საპატიო სტუმრებისა და, ასევე, საქართველოში აშშ-ის ელჩ ჯონ ბასის კალიფორნიაში საკუთარ ქორწილზე გამგზავრებისთანავე, საქართველოს ხელისუფლებამ დრო იხელთა და, როგორც ჩანს, ანგარიშსწორება გადაწყვიტა სახელმწიფოში თავისუფალი სიტყვისა და იმ მედიასაშუალებებისათვის, რომლებიც ობიექტურად აშუქებენ ქვეყანაში მომხდარ მოვლენებს:

–2011 წლის 7 ივნისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახურმა ჰოლდინგ „მედიაპალიტრის“ ექვსი სტრუქტურის ერთდროული არაგეგმური შემოწმება დაიწყო, რის გამოც მისი ნორმალური ფუნქციონირება შეწყდა (აქვე უთუოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ „მედიაპალიტრა“ ეს მხოლოდ ბეჭდური, ელექტრონული და ტელემედია კი არა, მთელ საქართველოს ტერიტორიაზე გაზეთების გავრცელების უდიდესი ქსელის მფლობელია);

იმავე დღეს, 2011 წლის 7 ივნისს გატეხეს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ საიტი – ჩვენთვის უცნობი პროსამთავრობო ჰაკერები ყოველ 10 წამში იდენტურად პასუხობდნენ სააგენტოს საიტის www.saqinform.ge მთავარ გვერდზე განთავსებული სოციოლოგიური გამოკვლევის კითხვებს, რითაც მისი შედეგების ფალსიფიცირება მოახდინეს და მთავარი რედაქცია აიძულეს, საერთოდ შეეწყვიტა გამოკითხვა;

– 8-9 ივნისს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ საფოსტო ყუთში უკიდურესად შეურაცხმყოფელი ხასიათისა და უცენზურო გამოთქმებისა და პირდაპირი მუქარა-დაპირებების შემცველი წერილები მოდის, რომ ჩვენ, ჟურნალისტებს, გაგვისწორდებიან, როგორც გამცემებსა და სამშობლოს მოღალატეებს.

ძვირფასო მკითხველო! ბოდიშს ვიხდით, თუ უახლოეს ხანში ვერ შეძლებთ ჩვენი საიტის გახსნას – ეს იმის ნიშანი იქნება, რომ საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ დაარბიეს!

უკანასკნელად ვაფრთხილებთ შესაბამის სახელისუფლებო სტრუქტურებს: შეწყვიტეთ ჟურნალისტებისთვის მათი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა, საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ეს ერთობ ცუდ მდგომარეობაში გაყენებთ! თუმცაღა, თუ საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტო „საქინფორმს“ მაინც დაარბევენ, ანდა ჩვენი ჟურნალისტების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, უფლებას ვიტოვებთ, მივმართოთ საქართველოში წარმოდგენილ დიპკორპუსს და ყველა საერთაშორისო, მათ შორის, უფლებადამცველ ორგანიზაციებს თხოვნით – ჩაერიონ, დაგვიცვან და დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყონ!

9 ივნისი, 2011 წელი, 13.00 სთ

საქინფორმი