რელიგია
ილია მეორე კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა

 საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქოში კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე ალაჰშუქურ ფაშაზადეს შეხვედრა გაიმართა. ორ სულიერ ლიდერს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრულ ურთიერთობას.

საქართველოს პატრიარქმა მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე მსახურების 40 წლის აღსანიშნავად და ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული ჯილდოთი – „მეგობრობის ორდენით“ დააჯილდოვა.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კურთხევით, შეხვედრაზე მეუფე შიომ დააყენა საკითხი, აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველებისთვის საქართველოს ეკლესიის ეპარქია გაიხსნას და ასევე, შეხვედრაზე შეეხნენ დავით გარეჯის თემასაც.

შეხვედრას საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.