საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. რაც უფრო ნაკლებად სურთ პოლიტიკოსებს მათ წინაშე არსებულ რთულ გამოწვევებზე მუშაობა, მით უფრო მეტად საუბრობენ ისინი შეთქმულებების, საიდუმლოებების, ომის შესახებ ან ისინი ცდილობენ თავს დაესხან ამ თუ იმ პიროვნებას მისი დისკრედიტაციის მიზნით,- ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში კითხვის საპასხუდ აღნიშნა, რა გზავნილია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე, კელი დეგნანზე თავდასხმა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ელჩისადმი გაგზავნილი წერილით ახორციელებს, რომლის ნარატივიც თავად დეგნანის შეფასებით, ემთხვევა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ნარატივს.
ამასთან, როგორც ჰუბერტ ქნირშმა განმარტა, თვალსაჩინოა ევროკავშირის მიერ ფორმულირებული პირობების სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაციის მცდელობები.
„ჩვენ დავინახეთ ევროკავშირის მიერ ფორმულირებული პირობების სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაციის მცდელობები. ერთი ამბობს, რომ ევროკავშირმა საქართველოში ხელისუფლების შეცვლის განკარგულება გასცა, მეორე კი იმას, რომ ევროკავშირს სურს საქართველოს ომში ჩაბმა. არცერთი ასეთი გამონათქვამი ხელს არ შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს პოლიტიკურ ელიტას შორის ნდობის გამყარებას. რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო ევროკავშირში ადამიანებმა - მეტად, ვიდრე ოდესმე - გაათვითცნობიერეს ის, რომ ჩვენ მჭიდროდ ვართ დაკავშირებული ჩვენს აღმოსავლეთ ევროპელ მეზობლებთან, რომ ჩვენ ფუნდამენტურ ერთობას ვქმნით. ამ შეგრძნებაში საქართველოც იგულისხმება და ამის შედეგია ის, რომ საქართველოს ახლა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა“,- განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.