პოლიტიკა
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ სოლიდარობას უცხადებს ჰოლდინგ „მედიაპალიტრას“

sos-logo2გუშინ, 2011 წლის 7 ივნისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახურმა ჰოლდინგ „მედიაპალიტრის“ ექვსი სტრუქტურის ერთდროული არაგეგმური შემოწმება დაიწყო, რის გამოც მისი ნორმალური ფუნქციონირება აბსოლუტურად შეუძლებელია. სამწუხაროდ, დასტურდება საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მიერ 26 მაისს გამოთქმული ყველაზე სავალალო ეჭვი – საქართველოში მედიასა და სიტყვის თავისუფლებაზე იერიში დაიწყო. როგორც ჩანს, ხელისუფლება არ შემოიფარგლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მეოცე წლის იუბილეზე – 26 მაისის ღამეს სპეცრაზმის მიერ მიტინგის დარბევისას ჟურნალისტებისთვის ფიზიკური ანგარიშსწორებით და მედიასტრუქტურების შემოწმებისა და მათი დახურვის გზით გეგმურ „წმენდაზე“ გადავიდა.

ზემოთქმულთან დაკავშირებით, მთავარი რედაქციის, ჟურნალისტებისა და თავისი მკითხველის სახელით, საქინფორმი უფლებამოსილია განაცხადოს:

ჰოლდინგ „მედიაპალიტრისათვის“ სოლიდარობისა და საქართველოს ხელისუფლების არასამართლებრივი მოქმედების გამო უკიდურესი აღშფოთების გამოთქმით, მივმართავთ აშშ-ის საელჩოს მოთხოვნით – შეაჩეროს ეს თვითნებობა და შეაფასოს დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში, რომლის მშენებლობაზეც აშშ-მა უამრავი ძალისხმევა და ფინანსები დახარჯა;

– იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში მედიის განადგურების ცნობილი სპეციალისტები მუშაობენ, მოვუწოდებთ მთელ ჟურნალისტთა კორპუსს, დამოუკიდებელ და არასამთავრობო მედიასტრუქტურებს: დადგნენ თავიანთი კოლეგების დასაცავად და არ დაუშვან ცნობილი მოვლენების გამეორება: ტელეკომპანია „იმედისა“ და გამომცემლობა „სამშობლოს“ დარბევა, საიდანაც გამოაძევეს 80 რედაქცია, მათ შორის, ყოველკვირეული გაზეთი „ასავალ-დასავალი“; ყოველკვირეული გაზეთი „საქართველო და მსოფლიოს“ არაერთგზისი დარბევა და სხვ.

დღეს მოვიდნენ "მედიაპალიტრაში" - ხვალ მოვლენ თქვენთან!

 

საქინფორმი