სამართალი
„წინააღმდეგობის მოძრაობა“ კონსულტაციებს იწყებს

soso_manjavize„საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა“ ოპოზიციურ პარტიებთან, საზოგადოების წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს იწყებს.

ამის შესახებ „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო მანჯავიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ყალიბდება დიქტატურა და მის შესაჩერებლად საზოგადოების კონსოლიდაციაა საჭირო.
„უნდა შედგეს საზოგადოების ერთობა ერთი იდეის გარშემო, რათა მოხდეს ამ ხელისუფლების დემონტაჟი. ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ მანიფესტი, სადაც ნათლად დავსახეთ ამ მიზნისკენ მიმავალი სწორი და შედეგის მომცემი წინადადებები“, – განაცხადა მანჯავიძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში მძვინვარებს პოლიტიკური და ეკონომიკური ტერორი, რომელსაც ახასიათებს განსაკუთრებული სისასტიკე და კაცთმოძულება, მუდმივად მიმდინარეობს სოციალური გენოციდი, საფრთხე ექმნება ქართული სახელმწიფოებრიობისა და თვით ქართველი ერის არსებობას.
„საჭიროა, გავერთიანდეთ და ვიმსჯელოთ შემდეგ საკითხებზე:

1. უნდა მოხდეს შსს-ის დეცენტრალიზაცია, მისი ცენტრალური აპარატის, სოდ-ის, კუდ-ისა თუ სხვა პოლიტიზებული სამსახურების გაუქმება, ხოლო საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, დაზვერვის, კონტრდაზვერვის, საზღვრის დაცვის დამოუკიდებელი სამსახურების ჩამოყალიბება;

2. პროკურორის ინსტიტუტის გაუქმება და მის ნაცვლად სახელმწიფო ბრალმდებლის ინსტიტუტის შემოღება, რომელსაც არ ექნება საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობის უფლება;
3. დამოუკიდებელი ერთიანი საგამოძიებო სამსახურის ჩამოყალიბება; გამომძიებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სახალხო დამცველის მოთხოვნისთანავე, თუკი იგი საგამოძიებო მოქმედებებს არაობიექტურად მიიჩნევს;
4. სასამართლო პროცესებზე მედიასაშუალებების დასწრების გაუქმებული წესების აღდგენა; მოსამართლის უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, თუკი ამას მოითხოვს სახალხო დამცველი ამ მოსამართლის მიერ მიღებულ სამ სხვადასხვა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით;
5. ფართომასშტაბიანი ამნისტიის გამოცხადება, რათა საპატიმროებში დარჩეს 5000-ზე ნაკლები პატიმარი. ნარკომომხმარებელთა განთავისუფლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან;
6. საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნა არაკომერციულ იურიდიულ პირად – ჟურნალისტთა კავშირად, რომლის წევრებიც (საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები) თავად აირჩევენ სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექციას“, – განაცხადა მანჯავიძემ.
მისივე თქმით, ყველა ზემოაღნიშნულ საკითხზე „წინააღმდეგობის მოძრაობა“ ხვალიდან აქტიურ კონსულტაციებს გამართავს ოპოზიციურ პარტიებთან, საზოგადოების წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სწორედ მათი ჩართულობა ამ პროცესში იქნება კარგი ილუსტრირება იმისა, თუ ვინ იბრძვის ამ ხელისუფლების წინააღმდეგ და პირიქით.
„ყველა ეს შეხვედრა იქნება საჯარო. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ლიდერები იმყოფებიან ევროპაში, სადაც სხვადასხვა ორგანიზაციასთან მართავენ შეხვედრებს“, – აღნიშნა მანჯავიძემ.