პუბლიკაციები
უკრაინა უარს ამბობს ნატო-ში გაწევრიანებაზე

 საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ქვეყანა დროებით უარს ამბობს ნაბიჯებზე ნატო-ში გასაწევრიანებლად.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ რომან ჟოვკვამ „ფაინენშალ თაიმსთან” ინტერვიუში განაცხადა.

ნატო-წევრებმა უარყვეს ჩვენი მისწრაფებები. ამ მხრივ ჩვენ სხვას არაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა ჟოვკვამ.

როგორც უკრაინული მედია წერს, მადრიდის სამიტზე ნატო სტრატეგიულ კონცეფციას მიიღებს. მათივე ცნობით, წინა ვერსია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ავალდებულებს, განავითაროს პარტნიორობა უკრაინასთან და ახალმა კონცეფციამ ეს კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს. მედიის ინფორმაციით, ამჟამინდელ ვერსიაში ნათქვამია, რომ ნატო რუსეთთან ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორობას ესწრაფვის და ნატო-სა და რუსეთს შორის თანამშრომლობას სტრატეგიულად მნიშვნელოვნად აფასებს. ამასთან, უკრაინას სურს, რომ სტრატეგიული კონცეფციიდან ამოღებულ იქნას რუსეთის, როგორც პარტნიორის მოხსენიება.

ჟოვკვას განცხადებით, მოელოდა, რომ რუსეთის ნებისმიერი მოხსენიება წაიშლება, მაგრამ მისივე თქმით, ზოგიერთ ქვეყანას სურს, დატოვოს გზა დიალოგისთვის.

საკმარისია მხოლოდ სიტყვა „პარტნიორის“ ამოშლა. ჩვენ ველით, რომ ნატო-სტრატეგიულ კონცეფციაში იქნება უფრო მკაცრი გაფრთხილებები რუსი აგრესორის მიმართ. ნუ შეგრცხვებათ რუსეთთან დაკავშირებით დებულებების ჩამოყალიბების. თუ ნატო-წევრები არ გაამჟღავნებენ რეალურ ვითარებას, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში, მაშინ ეს დოკუმენტი იქნება სხვა დოკუმენტი, აბსოლუტურად შეუსაბამო”, – განაცხადა ჟოვკვამ.