პუბლიკაციები
„თავისუფლების სიფათი“ მიშლანდიის ქვეყანაში

analitic_newარსებობს ასეთი იდუმალი ქვეყანა – მიშლანდია. მაინც რითაა იდუმალი – თვალწარმტაცი სილამაზის ბუნებით, ფენომენალურად ნიჭიერი ხალხით, ჭაღარა საუკუნეებში ფესვგამდგარი ისტორიით? არა. მთავარია, რომ მიშლანდიაში, როგორც სარკის მიღმა, ყველაფერი უკუღმა ხდება. თუ ამბობენ თეთრს, ესე იგი შავია, თუ ირწმუნებიან, შაქარიაო, ესე იგი მარილია, თუ ხედავ მზეს, არ დაიჯერო, ეს ღამეა!

„ამდენმა ხალხმა რომ მითხრას, წადიო, დაუფიქრებლად წავიდოდი!“ – ტახტზე აბობღებისას თავგამოდებით ირწმუნებოდა მიშა მეგაფონით. და მისი ჭაღარა წინამორბედიც, მიშას მიერ დაპყრობილი პარლამენტიდან ნაჩქარევად გაქცევისას ცალი ფეხსაცმელი რომ ვერ იპოვა, თვინიერად წავიდა სახლში, თანაც – ცოცხალი! „ხავერდოვანი რევოლუცია, ვარდების რევოლუცია!“ – აყვირდა თითქმის უსისხლო გადატრიალებით მოამაყე მიშა, რის გამოც „გულუბრყვილო“ კოვბოებმა ნაჩქარევად მონათლეს მიშლანდია „დემოკრატიის შუქურად“.

აი მისი „ხავერდოვანი“ თანამოაზრე კი შინ „თვინიერად“ არ წასულა და იგი „კონსპირაციულ ბინაში“ წაიყვანეს, თუმცა გზად მანაც დაკარგა ცალი ფეხსაცმელი... შედეგად, ჟვანია – ცოცხალი აღარ არის, ხოლო მიშლანდია ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კითხვა გაიდაის გენიალური კომედიიდან – „Чей туфля?“ – ტრაგიკულად ჟღერს...

ამის შემდეგ ნახევარღმერთად ქცეულ მიშაში „მიშამორფოზა“ მოხდა: მან თანამემამულეების – ოსების, აფხაზების, დედაქალაქის ცენტრში ქართველების, ხოცვა დაიწყო მათი მოწოდების პასუხად: „მიშა, წადი!“ „წავიდე?! მეტი არაფერი გნებავთ?!“ – გაცხარდა მიშა-„შუქურა“ და მშიერ ხალხს პრეზიდენტის მუშტი, უფრო სწორად, პოლიციის სპეცრაზმი მოუღერა და პირწმინდად დაავიწყდა რევოლუციურ- „ხავერდოვანი“ პოზა.

ასეთია თამაშის მიშლანდიური წესები და მათ ვერაფერს დაუპირისპირებ, თუნდაც მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი იყო ჭადრაკში...

კიდევ ერთი გამოცანა – მიშლანდიური კანონები: მიმდინარე წლის 31 მაისს, როცა ჯერ კიდევ არ გაცივებულიყო მომიტინგეთა გვამები, 6 დღის წინათ სპეცრაზმმა სადისტურად რომ დახოცა სიყვარულის უდიდესი მეხოტბის – რუსთაველის სახელობის პროსპექტზე; როცა ჯერ კიდევ ცრემლი არ შეშრობოდათ თვალზე ამავე სახელობის კინოთეატრში იმავე სპეცრაზმის მიერ გაუპატიურებულ ქალებს; როცა ციხეებში აუტანელი ტკივილი შეჰყრიათ მხეცურად ნაცემ, მაგრამ ცოცხლად, თუმცაღა სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩენილ ასობით პატიმრობამისჯილს, საქართველოს პარლამენტი ერთხმად ამტკიცებს „თავისუფლების ქარტიას“, რომელსაც „თავისუფლების სიფათის“ გარდა, ვერაფერს უწოდებ. ხსენებული საკანონმდებლო ინიციატივა ხომ საზოგადოებრივ ადგილებში ფაშისტური და კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენების აღმოფხვრა/დაუშვებლობას ითვალისწინებს (დამახინჯდება არქიტექტურის მრავალი შედევრი თბილისში, ხოლო დიდი სამამულო ომის მონაწილეებს ორდენების მოხსნას აიძულებენ!); ასევე, შეზღუდვას აწესებს „საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურთა ყოფილი თანამშრომლების, კომპარტიისა და კომკავშირის ყოფილი თანამდებობის პირებისათვის“, რომლებიც ამიერიდან ვეღარ იმუშავებენ წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში, უშიშროების საბჭოში, მინისტრთა კაბინეტში, დეპარტამენტთა თავმჯდომარეების თანამდებობაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პარლამენტის აპარატში, სამთავრობო კანცელარიაში, მარეგულირებელ კომისიებში, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში, ოპერატიულ ქვედანაყოფებში, ვერ დაიკავებენ მოსამართლეთა, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელთა, პრორექტორთა, დეკანთა და კათედრის გამგეთა თანამდებობებს, მათთვის შეუძლებელი იქნება საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელმძღვანელობაში ან მარეგულირებელი საბჭოს შემადგენლობაში ყოფნა. ანუ ყველამ, ვინც მიშლანდიის წარმოქმნამდე ნარკომანი ან დისიდენტი კი არა, წესიერი მოქალაქე იყო, რომელიც პატიოსნად შრომობდა თავისი სამშობლოს საკეთილდღეოდ, ერთი თვის განმავლობაში ზურგზე ხუთქიმიანი ვარსკვლავი უნდა დაიკეროს და მათხოვრული პენსიით სახლში წავიდეს!..

„თავისუფლების სიფათი“, ასევე, ითვალისწინებს ტოტალურ კონტროლს უცხო სახელმწიფოებიდან შემოდინებულ „ფინანსურ სახსრებზე“, „არაკანონიერი შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონზე დაყრდნობით, რომელიც ფინანსური ტერორიზმისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ღონიძიებებს არეგულირებს“.

აი მაგალითიც იმისა, თუ როგორ ახორციელებს საკუთარი ხალხის გენოციდს ქვეყანა, რომელმაც ნაჩქარევად აღიარა სხვა ხალხის გენოციდი (დემოკრატიისა და ეკონომიკის კუთხით ხომ მიშლანდია მსოფლიოში პირველ ადგილზეა! ოღონდ – ბოლოდან...)!

მაგალითი, როცა ქვეყანაში კანონი არჩევითად მოქმედებს: რატომ არ ექვემდებარებიან ლუსტრაციას „ცე-რე-უ“-სა და სხვა უცხოური სპეცსამსახურების შტატიანი და უშტატო თანამშრომლები, რომლებითაც ფარულად და აშკარად არის დაკომპლექტებული მიშლანდიის ხელისუფლების ყველა შტო და არასამთავრობო სექტორი?! გაათავისუფლებენ კი მათ დაკავებული მაღალი თანამდებობებიდან, აუკრძალავენ კი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას, მისცემენ კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში ინფორმაციის დამახინჯების ან მისი დაფარვის შემთხვევაში, სსრკ-ის შსს-„კა-გე-ბე“-ს თანამშრომელთა მსგავსად?

შეიტყობს კი საზოგადოება იმ ასობით მილიონ დოლარზე, რომლებიც ათასი ჯურის სოროსისმაგვარმა დასავლურმა ფონდებმა და რესპუბლიკურმა/დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა გრანტების ხაზით მიშლანდიაში გადარიცხეს და, ასევე, მათ „არაკანონიერ ლეგალიზაციასა და გათეთრებაზე“?! ამ სახსრებიდან ხომ არ გადაუხადეს 7 მილიონი დოლარი „ნოვოდვორსკაია-ილარიონოვ-ლატინინა-ბოროვოი-ფელგენგაუერ-განაპოლსკისა და სხვა „პოლსკების“ ჯგუფს? მიშლანდიისადმი სიყვარული, როგორც საღად მოაზროვნე ადამიანებისათვის, ნოვოდვორსკაია&კომპანიისათვის უცხოა: ისინი ყოველ ახალ სამეფო კარს „თავიანთი ჯიბის ინტერესებისა“ და რუსეთის „დიქტატურის“ წინააღმდეგ საბრძოლველად მოერგებიან. თუმცა ისმის კითხვა: თუ ეს „მხიარული ბიჭები“ დაუბრკოლებლად ცხოვრობენ და მუშაობენ რუსეთში, ესე იგი რუსეთში დემოკრატიაა და არა დიქტატურა, ხომ? თუ არა – მაშინ ისინი „კა-გე-ბე“-„გე-რე-უ“-კრემლის გავლენის აგენტები არიან, მიხეილ სააკაშვილის კმაყოფაზე მყოფი!

ოღონდ ფული ხომ ისევ ქარს გაატანეს – მითი მიშლანდიის ნაქებ რეფორმებზე 2011 წლის 26 მაისს გაქარწყლდა და პოლიციურ სახელმწიფოსა და ტერორზე, რომელმაც მთელი ცივილიზებული მსოფლიო აღაშფოთა, მწარე სიმართლე გამოამჟღავნა. და, ასევე, გაქარწყლდა 31 მაისს – „თავისუფლების სიფათის“ მიღების შემდეგ, რომელსაც „გრძელი ხანჯლების ღამე“ და საკუთარ მოქალაქეებთან ანგარიშსწორება მოჰყვა.

„ფულის გათეთრება“... შევიტყობთ კი, სპეცანგარიშებიდან როგორ ათეთრებს ხელისუფლება რეკეტით მიღებულ ფულს, რომელსაც მიშლანდიაში ექვემდებარება ყველა ბიზნესი, ვინც მმართველ პარტიას არ ასპონსორებს? და როგორ მოითბეს ხელი აქ ამერიკელმა კურატორებმა – ბრაიზებმა და ფრიდებმა?!

„ტერორიზმის დაფინანსება“... და რისთვის შეიქმნა მიშლანდიის შსს-ში, როგორც ამბობენ, სპეციალური განყოფილებები ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და სხვა, ტერორიზმის თვალსაზრისით, რფ-ის არამდგრადი ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონების საკითხებში?! და რატომაა, რომ მიშლანდიაში გულითადად ხვდებიან ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩერქეზთა, დიდოელთა დელეგაციებს, აწყობენ მათთვის ყრილობა-კონფერენციებსა და კონფიდენციალურ შეხვედრებს, სადაც, როგორც ღია ინტერნეტწყაროები იუწყებიან (მაგალითად, აშშ-ის სენატისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის – ჯეიმს ჯ. ჯატრასის, პუბლიკაცია: „გაუგებრობა საქართველოსთვის და არჩევანი აშშ-თვის“), „უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციათა ემისრები და კავკასიურ ბანდფორმირებათა ლიდერები, ევროპასა და ისლამურ ქვეყნებში შექმნილი, ჯიჰადის მიმდევართა მრავალი ჯგუფის წარმომადგენლები მონაწილეობენ, რათა თავიანთი საქმიანობის კოორდინირება რუსეთის სამხრეთ ფლანგზე მოახდინონ“?! იქნებ, მიშლანდიამ, საკუთარი ტერიტორიების პრობლემების „წარმატებით“ გადამჭრელმა, გადაწყვიტა, მეზობლებს თავისი „მდიდარი გამოცდილება“ გაუზიაროს?

და დასასრულ – „თავისუფლების სიფათის“ ავტორის – ალპინისტ გია თორთლაძის, მეტსახელად, „პადოშას“ შესახებ, რომელმაც ევერესტზე მარცხიან ასვლასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ პოლიტიკური„ევერესტის“ დაპყრობა გადაწყვიტა და პარლამენტარად გადაკვალიფიცირდა. იმ ყალბი ფოტოს გამოისობით სირცხვილნაჭამ „პადოშას“, რომელიც, მისი მტკიცებით, ევერესტის მწვერვალზე გადაიღეს, იღბლად აწ გარდაცვლილი ჟვანია გამოუჩნდა, რომელსაც მიშას მხარეზე გადაბირებული ელექტორატის მიზეზით, ზედმიწევნით ესაჭიროებოდა მეტ-ნაკლებად ცნობილი ადამიანები. ევერესტის სკანდალი მიჩქმალეს, უფრო მეტიც – თორთლაძეს მწვერვალის დაპყრობის შესახებ წიგნიც კი დაუფინანსეს, ხოლო თავად „პადოშამ“ ოპოზიციიდან ხელისუფლებაში ისკუპა, თუმცა, როგორც პიროვნებამ, „პადოშამ“ პიროვნული ევერესტიც ვერ დაიპყრო და მხოლოდ მის „პადოშვასთან“ დარჩა, რითაც კიდევ ერთხელ გაამართლა ხალხის მიერ მისთვის შერქმეული მეტსახელი.

ის დღესაც, „თავისუფლების ქარტიის“, „პატრიოტის აქტისა“ და „ლუსტრაციის შესახებ კანონის“ მიმღებ საპარლამენტო სესიებს შორის შესვენებებზეც, „იპყრობს“ სხვადასხვა მწვერვალს და მათზე „ნაცმოძრაობის“ დროშას ტოვებს წარწერით – „სიკვდილი რუს ოკუპანტებს!“

www.inforos.ru