პუბლიკაციები
სიმართლე ქართველ რეზერვისტებზე: „რუსმა მფრინავმა დაბომბვა დაიწყო, მაგრამ ისე, რომ ღმერთი არ გასწყრომოდა და ჩვენ არ მოგვხვედროდა!“

arc_pilotebi„რეზერვისტების ბედის შესახებ გინდათ, იცოდეთ? 2008 წლის აგვისტოში ამ უეჭველი სიკვდილისთვის გაგზავნილ ბედკრულ ადამიანებზე თითქმის არაფერი ვიცოდი. არც ის, თუ ვინ სად იბრძოდა ან რა დანაკლისი განიცადეს.

ვიცი მხოლოდ ის, რაც დღეს ყველამ იცის: ჩაიყვანეს და გადმოსხეს გორში, სადაც უმიზნოდ დაეხეტებოდნენ ქალაქში. მათ გარკვეულ ნაწილს კი პირდაპირ გაგანია ომში უკრეს თავი. ვიცი, შექმნილ გაუგებრობაში საბრალოები როგორ ესროდნენ ერთმანეთს. შემდეგ კი იარაღი დაყარეს და გაიქცნენ. და როგორ გარბოდნენ თავად ოფიცრები, რომლებმაც სირბილში თავიანთ ჯარისკაცებს გაუსწრეს...“

(სამხედრო მოსამსახურის წერილიდან, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სახლში რომ გამოგზავნა). 

საბრალო რეზერვისტებთან დაკავშირებით მართლაც რომ მარცხი განვიცადეთ. თუმცა საზოგადოებისთვის ამ ამბის დეტალები თითქმის უცნობია. მხოლოდ არცთუ საფუძველს მოკლებული ჭორები და მითქმა-მოთქმა.

დღეს, ნოდარ უჯმაჯურიძესთან შეხვედრის შემდეგ, სრული უფლება მაქვს, ეს ვამტკიცო. აი რეზერვისტთა თემაზე ჩვენი საუბრების ძირითადი ამონარიდები:

– უპირველესად, ბატონო ნოდარ, მაინტერესებს, როგორ მოხვდით მოხალისეთა რიგებსა და ომში და, საერთოდ, მანამდე არმიაში გიმსახურიათ?

– რა გაეწყობა, უკურიგითობით უნდა გიპასუხოთ. არა, არმიაში არ მიმსახურია. რეზერვისტად რომ გამიწვიეს, ერთ-ერთი ოფისის დაცვაში ვმუშაობდი, მაგრამ ეს თავიდან ბოლომდე სამოქალაქო სტრუქტურა იყო. ასე რომ, იარაღთან მანამდე შეხება არ მქონია. რეზერვისტად კი, გუშინდელივით მახსოვს, 2007 წლის 14 ივნისს გამიწვიეს. ჩვენი ნაკადი წვრთნას კოჯორში სპეცრაზმის ადგილობრივი ბრიგადის ბაზაზე გადიოდა. არსებითად, ეს „ახალგაზრდა მებრძოლის კურსი“ იყო – ადრე ადგომა, ვარჯიში, იარაღის გაცნობა, მინიმალური სამხედრო ცოდნის შეძენის თეორიული კურსი. და ამ ყველაფრის სწავლამ 36 წლის ასაკში მომიწია.

– ცოტა ხომ არ დაგიგვიანდათ? 

– რა თქმა უნდა, თუმცა რეზერვისტებად 40 წლის ასაკამდეც იწვევდნენ. რას იზამ, თუკი სამშობლო გიხმობს... ამას ხომ ბავშვობიდან გვინერგავდნენ. თანაც, ოფიცრები სულ გვამხნევებდნენ: არ ინერვიულოთ, წინა ხაზზე მაინც არ გაგიშვებენო. თქვენი ძირითადი ამოცანა საგანგებო ვითარებაში მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენააო, მაგალითად, დაბომბვის შემდეგ, დაჭრილთა ევაკუაციისას და ა. შ.

თუმცა, სიმართლე გითხრათ, შინაგან დაძაბულობას არ განვიცდიდი. ჭექა-ქუხილის მოახლოება ჯერაც არ იგრძნობოდა. თუ არ ჩავთვლით, ცხადია, ფრაზას, რომელიც გამომშვიდობებისას გვარდიის მეთაურმა აფციაურმა გვითხრა – ნახვამდის, ზუგდიდში შევხვდებით!

მაშინვე გულში გავივლე: გამოდის, მაინც აფხაზეთი და არა – ცხინვალი... სიმართლე გითხრათ, ამ სიტყვებზე გულმა რეჩხი მიყო. თანაც, მკაცრად გაგვაფრთხილეს, დიდი ხნით ქალაქი არ დაგვეტოვებინა და, ყოველი შემთხვევისთვის, ჩვენი ზუსტი კოორდინატები მიგვეცა. მეორედ 2008 წლის თებერვალში შეგვკრიბეს და უწინ მიღებულ ცოდნას 8 დღის განმავლობაში განგვიმტკიცებდნენ. ახალი მხოლოდ ჩასაფრების ორგანიზება იყო გზის ძნელად სავალ ნაწილებზე.

შემდეგ იყო აგვისტო. საბრძოლო მოქმედებების ადგილებზე გამგზავრების წინ ვაზიანში სამხედრო ფორმა და იარაღი გადმოგვცეს, ხოლო 8 აგვისტოს, დილის 7 საათზე, სტადიონ „დინამოსთან“ ავტობუსებში ჩაგვსხეს და გორში წაგვიყვანეს. სწორედ იქ, სამხედრო ბაზაზე განვთავსდით.

ბაზაზე 10 ათასი რეზერვისტი აღმოჩნდა. შემდგომი განკარგულებების მოლოდინში მომიჯნავე მინდორზე წამოვწექით, რის გამოც ის უცებ ნორჩ მწვანედ შეიღება. დილის 11 საათი იყო. თუმცა სიჩუმე დიდხანს არ გაგრძელებულა. მძლავრად ამოქმედდა ჩვენი არტილერია და უმალ შეგვახსენა, სად და რატომ ჩამოგვიყვანეს. ცაზე მყისვე სამი რუსული ბომბდამშენი გამოჩნდა. ორმა მათგანმა კურსი გააგრძელა, მესამე კი თავზე დაგვტრიალებდა. მესამე წრეზე ბომბები ჩამოყარა, თუმცა ისეთი გაანგარიშებით, რომ ღმერთი არ გასწყრომოდა და ჩვენ არ მოგვხვედროდა. არც კი ვიცი, რით ავხსნა მფრინავის ასეთი უჩვეულო სულგრძელობა. შესაძლოა, იმ წამს მამობრივმა გრძნობებმა სძლია.

ბედის ანაბარა მიტოვებულები ჯგუფ-ჯგუფად დავიქსაქსეთ ქალაქში – გეგმის, ბრძანების ან, თუნდაც, კონკრეტული დავალების გარეშე. ბედმა გაგვიღიმა. მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ რეზერვისტთაგან არავინ დაზარალებულა.

– და სად იყვნენ მეთაურები, რას აკეთებდნენ?..

– ჩვენი, ასე ვთქვათ, ბრიგადის მეთაური სულ სამჯერ ვნახე. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ვიცე-პოლკოვნიკი გამოცდილი, მრავლისმნახველი კაცი იყო. ყოველი გამოჩენისას აუცილებლად გვეუბნებოდა: მზად იყავით, მალე ჩვენი დრო მოვა. თუმცა მაშინვე სადღაც გამოიძახებდნენ და დიდი ხნით უჩინარდებოდა. ჩვენი დრო კი არ დადგა.

მეორე დღეს, 9 აგვისტოს, გორი უკვე მძლავრად იბომბებოდა. წარმოუდგენელმა ქაოსმა დაისადგურა. ჯარებმა გეგმაზმიერად უკან დახევა დაიწყეს. კულტურის ცენტრის შენობის გვერდით 6-სართულიან შენობას შევაფარეთ თავი. გულში ვლოცულობდით, რომ შენობას ბომბი არ მოხვედროდა. ერთი მათგანი უშუალო სიახლოვეს ჩამოვარდა, ნამსხვრევი ჩემს მეგობარს თავში მოხვდა. სასწრაფო დახმარება მაშინვე იქ გაჩნდა და ჰოსპიტალში გადაიყვანა. საგულისხმოა, რომ ჩვენი მედიკოსების მუშაობა უნაკლო იყო. ეს ჩემი ერთ-ერთი უძლიერესი შთაბეჭდილებათაგანია. მათი წყალობით ჩემი მეგობარი დღეს არათუ ცოცხალია, არამედ სავსებით შრომისუნარიანიც.

შუადღის სამი საათისთვის მეგაფონიდან მბრძანებლური ხმა მოგვესმა: „სამხედროებმა ქალაქი დატოვეს. დაუყოვნებლივ დატოვეთ შენობა, ჩამწკრივდით და ქალაქიდან გადით!“ სამხედრო პოლიცია ერთადერთი სტრუქტურა გამოდგა, რომელსაც ჯერ კიდევ ვახსოვდით საბრალო რეზერვისტები.

აი ასე, 40-გრადუსიან სიცხეში სრული აღჭურვილობით, 30 კგ-ს რომ იწონიდა, ფეხით იგოეთამდე მივაღწიეთ. ფეხით სიარული გაცილებით უსაფრთხო იყო, ვიდრე ავტობუსებით გადაადგილება. მარტო სრულ კრეტინს მოუვიდოდა აზრად, ჯარები ომში ყვითელი ავტობუსებით გადაეყვანა. ხომ ნათელია, რამდენად მოსახერხებელ სამიზნეს წარმოადგენენ ისინი ავიაციისათვის. ავიაიერიშები, უნდა ითქვას, ქარელამდე თან გვდევდა. და მაინც რომ გადავრჩით, მხოლოდ ღმერთს უნდა ვუმადლოდეთ.

სამაგიეროდ, გზად ისეთი საზარელი სურათები ვნახე, დღესაც რომ თვალწინ მიდგას. მუცელგამოფატრული, ხელფეხდაგლეჯილი მოკლულები და დაჭრილები... ძლივს ჩამოვაღწიეთ თბილისში. შესასვლელში პოლიციამ გაგვაჩერა. გვიყვიროდნენ – დეზერტირებო, გასასამართლებლები ხართ! ძლივძლივობით დავაღწიეთ თავი, თუმცა კატეგორიული პირობით, რომ იარაღს დაუყოვნებლივ ჩავაბარებდით თავდაცვის სამინისტროში. ასე დასრულდა ჩემი და ათი ათასი ჩემნაირი რეზერვისტის ომი, რომლის დროსაც არცერთ ჩვენგანს ერთი ტყვიაც არ გაუსვრია. ვინ ამიხსნის, რა საჭირო იყო ჩვენი იმ საზარელ ჯოჯოხეთში გამწესება?

ჩემი მოსაუბრის – ნოდარ უჯმაჯურიძის, შეკითხვას „საინტერესოს“ კატეგორიას მივაკუთვნებდი. თუმცა, იმაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს რეზერვისტებს ძალიან გაუმართლათ, რადგან, ბრძოლაში რომ ჩართულიყვნენ, შედეგი გაცილებით სავალალო იქნებოდა.

თუმცაღა დღეს ნოდარს სხვა კითხვებიც აწუხებს, რომლებზე პასუხის მიღებაც, ასევე, ძალიან უნდა. მაგალითად, როგორ მოხვდა ომში მოტეხილ ხელზე თაბაშირდადებული რეზერვისტი ანდა როგორ მოხვდნენ საბრძოლო მოქმედებების ზონაში ომის საშინელებებისა და გამოცდისთვის ფსიქოლოგიურად მოუმზადებელი ბიჭები? ნოდარმა პირადად ნახა ისინი, ვინც ძლიერ ემოციებთან ვერგამკლავებული იჯდა და სასოწარკვეთილებისგან ტიროდა; ისინი, ვინც უცნობად დარჩენას ლამობდა, ამიტომ ტრუსებამდე შიშვლდებოდა, იარაღსა და ფორმას ტოვებდა და სახიფათო ზონიდან გარბოდა.

მართალია, შეიძლება შემოგვედაონ, რომ მხოლოდ რეალურ ვითარებაში ხდება ჭეშმარიტების დადგენა, ანუ, ვინ რას გაუძლებს, მაგრამ ხომ არსებობს ახალწვეულთა ფსიქოლოგიურად მომზადების საკმარისი ეფექტიანი მეთოდები, რის შემდეგაც შეიძლებოდა ახალგაზრდებისთვის იარაღის გადაცემა და სალაშქროდ გაგზავნა... მახსოვს, აშშ-ში ერთ-ერთი წვრთნის დროს როგორ გავიგონე უცებ სროლის, ბომბების აფეთქებისა და საარტილერიო კანონადის ისეთი საზარელი კაკაფონია, რომ უსაფრთხო ადგილას გაქცევა მომინდა. აი რა უნდა ისწავლონ ჩვენებმა ამერიკელებისგან და არა მარტო ჩეიკ-პონტებზე ავტოტრანსპორტის შემოწმების წესები.

ყველაფერი ზემოთქმულიდან სამართლიანი იქნებოდა გვევარაუდა, რომ ჩვენში რეზერვისტებმა ვერ გაამართლეს. თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ეს ინსტიტუტი საერთოდ არ გვჭირდება. პირიქით, ის წარმატებით მუშაობს მოწინავე ქვეყნებში. ყველაფერი მათი მომზადების სისტემაზეა დამოკიდებული, რომელიც უთუოდ მოითხოვს გადახედვასა და სრულყოფას.

ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, აზრი აქვს რაიონულ გამგეობებში განყოფილებების აღდგენას, სადაც თადარიგში მყოფ სამხედრო სპეციალისტებზე ცნობები გროვდება. ამ შემთხვევაში გაცილებით ეფექტიანი იქნებოდა რეზერვისტებად სწორედ იმ სამხედრო საქმის მცოდნეების გაწვევა, რომლებიც ასე მწვავედ სჭირდება არმიას.

– საინტერესო და კარგი რა შეიტყვეთ, ბატონო ნოდარ, თქვენი რეზერვისტული ვოიაჟიდან?

– ერთ ასეთ მხარეზე უკვე მოგახსენეთ. ეს ჩვენი როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო მედიკოსების გამართული, პროფესიონალური მუშაობა იყო. რასაკვირველია, არ შეიძლება არ აღინიშნოს ცალკეული ქვედანაყოფის ჰეროიზმი და გაწვრთნილობა, რომლებიც ზოგჯერ თავიანთ მრისხანე მოწინააღმდეგეს მთელი თავით სჯობდნენ.

და კიდევ ერთი: როცა ერთ-ერთი ოცეულის შემადგენლობაში გამამწესეს, მკითხეს – ხომ არ მყავს რეზერვისტთა შორის ახლო მეგობარი ან ნათესავი. ახლა ზუსტად ჩავწვდი ამ კითხვის არსს. რასაკვირველია, სწორედ ახლობლები არ დაგაღალატებენ, გასაჭირში არ მიგატოვებენ... ვფიქრობ, ეს ყოველთვის უნდა გაკეთდეს.

დასასრულ, დავძენდი: სრულფასოვანი რეზერვი საპასუხისმგებლო საქმეა და მისი სახელდახელოდ კეთება არ შეიძლება. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ფაშიზმი ხერხემალში სწორედ რეზერვისტებმა გადატეხეს. შესაძლოა, ახლა ცოტამ იცის, რომ დიდი სამამულო ომის პირველივე წლის მიწურულს მწყობრიდან გამოვიდა ყველა, ვინც ის დაიწყო. გამარჯვება კი უკვე შემდგომმა, წინამორბედების გამოცდილების გათვალისწინებით სოლიდურმომზადებაგავლილმა რიგებმა გამოჭედეს.

 

გივი ბაქრაძე,

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“