პოლიტიკა
მმართველი გუნდი ევროპის სახალხო პარტიას აკრიტიკებს

 საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ შეთავაზებული კრიტიკული განცხადება მიიღეს და 31 მაისი-1 ივნისის შეკრებაზე ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სიმბოლურად ადგილი გამოუყვეს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა ევროპის სახალხო პარტია გააკრიტიკეს.

კულტურის მინისტრმა 1 ივნისს თქვა, რომ ევროპის სახალხო პარტია იმ რამდენიმე ჯგუფს შორისაა, რომელთა „მთავარი მიზანია“, რომ „ჩვენ როგორმე ევროპისკენ მიმავალ გზაზე ვიყოთ როგორც ერი და როგორც ქვეყანა წარუმატებლები“. ამჟამად, მათი მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის წევრობის [კანდიდატის] სტატუსი“, – განაცხადა მან.

ევროპის სახალხო პარტია [მიხეილ სააკაშვილს] კვლავ მიიჩნევს დიდ დემოკრატად. ამ დროს, ეს არის ადამიანი, რომელიც რუსთაველის გამზირზე არბევდა ჩვენს ხალხს, სცემდა, აწამებდა ციხეებში პატიმრებს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

პარალელურად, შალვა პაპუაშვილმა ევროპის სახალხო პარტიის საპასუხოდ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისთვის მიხეილ სააკაშვილის გამამტყუნებელი განაჩენი გაიხსენა.

სახალხო პარტიის მაღალი ტრიბუნიდან პირდაპირ დასცინეს მართლმსაჯულების იდეას, დასცინეს მოკლულ გირგვლიანს, დასცინეს მის ოჯახს, დასცინეს სტარსბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, დასცინეს ქართველი ხალხის სურვილს, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს და დასცინეს ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებას – კანონის უზენაესობას“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

პატრონაჟი და პროტექცია, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპის სახალხო პარტიის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არ არის ევროპული ღირებულება. ევროპული ღირებულება არის კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულების აღსრულება“, – დასძინა მან.

საგულისხმოა, რომ მმართველი გუნდის ბრალდებებს წინ უძღვოდა ევროპის სახალხო პარტიის საჯარო განცხადება, რომ მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის კანდიდატის სტატუსს.

ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფს მიაჩნია, რომ ახლა, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი გავლენას ახდენს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია“, – ნათქვამია ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის შესახებ 2 ივნისის ანონსში.

ნაციონალური მოძრაობის მიერ შემოთავაზებული კრიტიკული განცხადება, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურმა ასამბლეამ 30 მაისს მიიღო, შეშფოთებას გამოხატავს „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციის“ გამო და დასძენს, რომ ქვეყნის არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ ძირი გამოუთხარა კარგ მმართველობას და დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევა გამოიწვია“.

ამას გარდა, განცხადებაში გაკრიტიკებულია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „გასამართლება, დაკავება და შემდგომი არაჰუმანური მოპყრობა“, ასევე „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება.

ყრილობის პირველ დღეს, 31 მაისს, პარტიის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა – თანამდებობიდან ოფიციალურად გადადგომამდე სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილი მოიხსენია, როგორც „ჩვენი ძველი ქართველი მეგობარი, რომელიც ისევ ციხეშია“ და ექსპრეზიდენტის მიმართვა წაიკითხა.

მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვენი ბრძოლას ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც დღეს განასახიერებენ პუტინი და ივანიშვილი, და რომელიც ძირს უთხრის ევროპულ თანამეგობრობას, თავისუფლებას, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას“, – ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში.

ევროპის სახალხო პარტიის ყრილობის დროს, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია სიტყვით გამოვიდა და ევროკავშირს საქართველოსთვის კარის გაღებისკენ მოუწოდა.

ნაციონალური მოძრაობა 2008 წლიდან ევროპის სახალხო პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუსით სარგებლობს.