რელიგია
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოსკოვის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა

 საქართველო, 30 მაისი. საქინფორმი. მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც РПЦ-ის ნაწილია, "სრული დამოუკიდებლობა" გამოაცხადა. გადაწყვეტილება ეკლესიის ვებგვერდზე 27 მაისს გამოქვეყნდა. მანამდე იერარქები ადგილობრივი სობორის მიერ მოწვეულ საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბნენ.

საბჭომ გამოაცხადა ეკლესიის მიერ მირონის (ღვთისმსახურებისთვის ზეთის) მომზადების დაწყება, რაც, ფაქტობრივად, მოსკოვისა და კონსტანტინოპოლისგან მის საეკლესიო დამოუკიდებლობას ნიშნავს. მოსკოვისგან დამოუკიდებლობაგამოცხადებული ეკლესია ვარაუდობს, რომ განაახლებს დიალოგს უკრაინის მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიასთან არსებული განხეთქილების დასაძლევად.

საეკლესიო საბჭომ უკმაყოფილება გამოთქვა უკრაინაში ომის თაობაზე მოსკოვის საპატრიარქოს პოზიციის გამო და მიმართა უკრაინისა და რუსეთის ხელისუფლებას, "გააგრძელონ მოლაპარაკების პროცესი და მოძებნონ ძლიერი და გონივრული სიტყვა, რომელსაც სისხლისღვრის შეჩერება შეუძლია".

УПЦ-ს წინამძღოლის, მიტროპოლიტ ონოფრის (ბერეზოვსკი) მიმართვაში ხაზგასმულია, რომ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ პირველივე დღიდანვე დაგმო რუსეთის სამხედრო შეჭრა უკრაინაში. "ჩვენი ეკლესიის ხმა, სამწუხაროდ, არ იქნა შესმენილი", - წერია ტექსტში.

УПЦ-ს, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, წლებია ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი ონოფრე, რომელიც პირადად ვლადიმირ პუტინს ჰყავს დაჯილდოებული 2013 წელს.

რაც შეეხება ПЦУ-ს - გასული საუკუნის 90-იან წლებში მოსკოვის საპატრიარქოს გამოეყო კიევის საპატრიარქო, 2018 წლის 15 დეკემბრიდან კი დაიწყო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (ПЦУ) ავტოკეფალიის აღიარების პროცესი, რასაც დღემდე კატეგორიულად ეწინააღმდეგება მოსკოვის საპატრიარქო.

უკრაინის ეკლესიამ ავტოკეფალია 2019 წლის იანვარში მიიღო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან, რის გამოც, მასთან ევქარისტული კავშირი გაწყვიტა როგორც მოსკოვის საპატრიარქომ, ასევე მის დაქვემდებარებაში მყოფმა УПЦ-მაც.