უცხოეთი
ნიკოლაი პატრუშევი - რუსეთს უკრაინაში ომის დასრულების თარიღი განსაზღვრული არ აქვს

 საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინაში ომის დასრულების თარიღი განსაზღვრული არ აქვს.

ამის შესახებ ნიკოლაი პატრუშევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ თარიღებს არ დავდევთ. ყველა მიზანი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა დასახა, შესრულდება. სხვაგვარად ვერ მოხდება, რადგან სიმართლე, მათ შორის ისტორიული, ჩვენს მხარესაა“, – განაცხადა პატრუშევმა.

ამავე ინტერვიუში რუსეთის უშიშროების მდივანი აცხადებს, რომ „უკრაინის სახელმწიფოს მომავალ ბედს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი განსაზღვრავს“.

„ჩვენ არასდროს არ განვაგებდით სუვერენული ქვეყნების ბედს, პირიქით, ჩვენ მათ სახელმწიფოებრიობის დაცვაში ვეხმარებოდით“, – განაცხადა პატრუშევმა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ასევე ისაუბრა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე და ნატო-ს „აგრესიული ბლოკი“ უწოდა. მისივე თქმით, ფინეთსა და შვედეთში ალიანსის ინფრასტრუქტურის განთავსება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„ნატო-ს ინფრასტრუქტურის გაფართოებას ფინეთსა და შვედეთზე, რუსეთი განიხილავს პირდაპირ საფრთხედ, რომელიც მის უსაფრთხოებას ემუქრება, მაშინ ის ვალდებული იქნება რეაგირება მოახდინოს“ – ამბობს პატრუშევი.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ უკრაინის ომმა დასავლეთთან დაპირისპირება კულმინაციამდე მიიყვანა. მისივე თქმით, „ბრძოლა ახლა არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ სიბრტყეშიც მიმდინარეობს“.

1tv.ge