საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი რომში წმიდა თომა ვილანოველის სახელობის ტაძარში წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ სამრევლოსთან ერთად ლოცვას დაესწრო, რომელიც ქართულ ენაზე დღეს პირველად აღევლინა. ლოცვის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ქართველ მრევლს მიმართა.
მისი თქმით, „ ჩვენს ქვეყანას, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ძალიან უჭირს... გუშინ მქონდა ჩვენი მხარდამჭერი, თბილი და ხანგრძლივი შეხვედრა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან. მთავარი, რაც მან თქვა, იყო ის, რომ ორი ორი წლის წინათ გადატანილი უბედურების შემდეგ, ქვეყანა ასე წამომდგარიყო ფეხზე და ასე სწრაფად დამდგარიყო წარმატების გზას, მსგავსი მაგალითი არ ვიციო. ეს არის ქართველების განსაკუთრებული ნიჭი. ყველაფერი გვაქვს განცდილი, ყველა ქარბობალამ გადაიარა ჩვენს თავზე და მაინც არ გავტყდით. მთავარია არა ის, რომ არ წაიქცე, არამედ ის, რომ შეძლო წამოდგომა და გზის გაგრძელება“.
ვატიკანის ვიტარუსმა ქართულ მხარეს წმიდა თომა ვილანოველის სახელობის ტაძარში სხვადასხვა სასულიერო დღესასწაულისა და ყოველკვირეული წირვა-ლოცვის აღსავლენად დაუთმო. სასულიერო ლიტურგიას ქართველი მღვდელ-მონაზონი მამა იოანე უძღვებოდა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს იმისთვის, რომ დრო გამონახა და ქართველ მრევლს შეხვდა. მისი თქმით, ეს დიდი სტიმულია უცხოეთში მცხოვრებ ქართველთათვის.