საზოგადოება
თემურ შაშიაშვილი: „სერგეი ბაგაფშს ქართველებსა და აფხაზებს შორის მეგობრობისა და ძმობის აღდგენა სურდა“

shashiashvili_temur2პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი სერგეი ბაგაფშის გარდაცვალების გამო აფხაზ ხალხსა და ბაგაფშის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „სერგეი ბაგაფშის გარდაცვალებამ დიდად შემაწუხა და გული მატკინა. ჩვენმა 25-წლიანმა ნაცნობობამ, ხანგრძლივმა მეგობრობამ არაერთგზის დამარწმუნა, რომ მას თავისი ხალხი საოცრად უყვარდა, ქართველების მიმართ კეთილი განწყობა ჰქონდა და დარწმუნებული ვარ, რომ გულის სიღრმეში ერთიან საქართველოზე ფიქრობდა კიდეც. მრავლისმთქმელია ის, რომ მისი მეუღლე ქართველია, მისი და და უახლოესი ნათესავები დღესაც თბილისში ცხოვრობენ“, – ნათქვამია შაშიაშვილის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

აქვე „თეთრების“ ლიდერი ბაგაფშთან ბოლო სატელეფონო საუბარსაც იხსენებს და აცხადებს, რომ „სერგეი ბაგაფშს ქართველებსა და აფხაზებს შორის მეგობრობისა და ძმობის აღდგენა სურდა. სერგეის სიტყვები დღესაც ჩამესმის. მან მითხრა, რომ „ქართველებს გული აფხაზებზე არ უნდა გწყდებოდეთ, ჩვენი დაპირისპირების მიზეზი საკუთარ თავშიც და, უპირველესად, საკუთარ ხელისუფლებაშიც  უნდა ეძებოთ. თუ დღეს, როცა როგორც ქართველებში, ისე აფხაზებში საკმაოდ ბევრნი ვართ, რომლებმაც ერთმანეთის მეგობრობის ფასი ვიცით და  ჩვენს ურთიერთობებში გარღვევა არ მოხდა, მომავალი კარგს არაფერს მოგვიტანს, რადგან მომდევნო თაობები ერთმანეთის მიმართ სრულიად გაუცხოებული იქნებიან. ასეთი დიდი გარღვევის შანსი მხოლოდ ჟიული შარტავას თაობას გვაქვს. მით უფრო, რომ  ჟიულისადმი დამოკიდებულება აფხაზეთში განსაკუთრებულად კარგია და ჩვენ, მისი მეგობრები, თავს დამნაშავედ ვგრძნობთ მისი ტრაგიკულად დაღუპვის გამო“. ასე მხოლოდ მომავალზე დაფიქრებულ კაცს შეეძლო ეაზროვნა და სწორედ ასეთი იყო სერგო“, – ნათქვამია შაშიაშვილის წერილში.

შეგახსენებთ, რომ სერგეი ბაგაფში მოსკოვში მარჯვენა ფილტვზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ 29 მაისს გარდაიცვალა.ბაგაფშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აფხაზეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.