პუბლიკაციები
«За Родину», «За Сталина» – ევრაზიის ინსტიტუტმა კუკიის სასაფლაოზე მდგომ ჯავშანქვემეხზე ძველი წარწერები აღადგინა!

 საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის“ ინიციატივით, 9 მაისს, თბილისსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში – ბათუმში, ქარელსა და თელავში, გაიმართა გამარჯვების დღესთან დაკავშირებული სამახსოვრო ღონისძიებები. ინიციატივას მხარი დაუჭირეს არა მხოლოდ 2009 წელს დაარსებული ევრაზიის ინსტიტუტის აქტივისტებმა, არამედ თანამოაზრეებმა სხვა ორგანიზაციებიდან, როგორც მაგალითად, ტარას გაგნიძემ (ფონდი „ისტორიული მემკვიდრეობა“), ვიქტორ ცაავამ (პოლიტკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“), გიორგი ირემაძემ („პატრიოტი ტვ“) და სხვ.

ქვეყნის დედაქალაქში ჩატარებული ღონისძიებები კინოთეატრ „საქართველოსთან“ მდებარე სკვერში დაიწყო, სადაც დგას დიდი სამამულო ომის პერიოდის წითელი არმიის გამოჩენილი მხედართმთავრის, პორფილე გიორგის ძე ჩანჩიბაძის ბიუსტი. ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორმა გულბაათ რცხილაძემ, რომელმაც მიტინგი გახსნა, მოკლედ მოუთხრო დამსწრე საზოგადოებას 1950 წელს, 49 წლის ასაკში გარდაცვლილი გენერლის გმირული საქმეების შესახებ. რცხილაძემ აღნიშნა, რომ ჩანჩიბაძე არის ორი ქართველი გენერლიდან ერთ-ერთი, რომელთაც საბჭოთა კავშირის გმირის წოდება აქვთ მიღებული. მეორე ქართველ გენერალს, ჯერ კიდევ ომის მსვლელობისას გარდაცვლილ კონსტანტინე ლესელიძეს, გმირის წოდება გარდაცვალების შემდეგ, 1971 წელს მიანიჭეს, ხოლო პ. ჩანჩიბაძემ ეს წოდება ომის დროს, 1945 წლის აპრილში მიიღო. ქართველი საბრძოლო გენერლის დამსახურება, რომელმაც გენერალ-პოლკოვნიკის ჩინამდე მიაღწია, იმდენად დიდი იყო, რომ იგი დაჯილდოვდა ლენინის ორი ორდენით, სუვოროვის პირველი ხარისხის ორდენით, სხვა ორდენებითა და, მოსკოვში, წითელ მოედანზე გამართული ისტორიული გამარჯვების აღლუმში მონაწილეობით. ასეთი მყისიერი დაწინაურება სამხედრო კარიერაში, მით უმეტეს, ომის დროს, „ლამაზი თვალებისთვის“ არ ხდება, – აღნიშნა რცხილაძემ და დასძინა, რომ საქართველოში ჩანჩიბაძის სახელი ძალზე მოკრძალებულად არის შეფასებული.

ჩანჩიბაძის ბიუსტთან ყვავილების დაწყობის შემდეგ, მიტინგის ათეულობით მონაწილე ფეხოსნური მარშით გაემართა კიკვიძის სახელობის პარკის მიმართულებით, რომელშიც შედარებით ახლო წარსულში გახსნილი, საბჭოთა კავშირის გმირის, მელიტონ ვარლამის ძე ქანთარიას ბიუსტი დგას. გმირის ბიუსტის ყვავილებით შემკობის შემდეგ, გულბაათ რცხილაძზემ შეკრებილ საზოგადოებას მიმართა (პარკში კი ბევრი ხალხი იყო) და აღნიშნა მელიტონ ქანთარიას მთავარი ღირსება – თავმდაბლობა. „ბოროტი ენები ამბობენ, რომ ქანთარიას გმირობა არ არის ნამდვილი. ყველას შევახსენებ, რომ ქანთარია სამხედრო მზვერავი გახლდათ და თუნდაც მხოლოდ ამ ფაქტიდან გამომდინარე, თავისი პროფესიით, იგი არ იყო მიდრეკილი თვითპიარისკენ და ჩრდილში ყოფნა ერჩივნა. რაც მთავარია, ქანთარიას მთელმა შემდგომმა ცხოვრებამ დაამტკიცა, რომ ეს იყო ძალზე თავმდაბალი ადამიანი“ – ხაზგასმით აღნიშნა რცხილაძემ და დასძინა: „ღმერთმა აცხონოს საქართველოს სიამაყის, მელიტონ ქანთარიას სული!“

ამის შემდგომ, ევრაზიის ინსტიტუტის დელეგაცია კუკიას საძმო სასაფლაოზე ავიდა, სადაც მღვდელმა ნოე გუგუციძემ პანაშვიდი გადაიხადა როგორც ამ სასაფლაოზე დაკრძალული მებრძოლების, ისე ყველა გარდაცვლილი ფრონტელის სულებისთვის. ამის შემდეგ კი გულბაათ რცხილაძემ პირადად აღადგინა წარწერა სასაფლაოს ტერიტორიაზე დაცულ რელიკვიაზე – თვითმავალ საარტილერიო დანადგარ СУ-76и-ზე, რომელიც, სააგენტო საქინფორმის ინფორმაციის თანახმად, ნაალაფარი გერმანული ტანკებისა და ქვემეხების საფუძველზე შეიქმნა და შეიარაღებაზე 1943 წელს იქნა მიღებული (ამასთან, გამოშვებულ იქნა სულ 210 ცალი). წარწერა, რომელიც ადრე ვანდალებმა წაშალეს და ახლა აღადგინა (თუნდაც კუსტარულად) ევრაზიის ინსტიტუტმა, შემდეგია: «За Родину», «За Сталина», «На Берлин».

ამის შემდეგ, ღონისძიებების ოფიციალური ნაწილი დასრულდა. განსაკუთრებული მადლობა, წარმატებით გაწეული საორგანიზაციო სამუშაოსათვის, საზეიმო ღონისძიებების მომზადებაში, გამოეცხადა ქალბატონ ჯენი ბურჯანაძეს.

ვიდემასალის საყურებლად გადადით მასალის მითეთებულ წყაროზე: https://georgia-news.info/2022/05/10/evraziis-institutma-kukiis-sasaphlaoze-mdgom-javshanqvemekhze-dzveli-tsartserebi-aghadgina-photo-video/