საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, შალვა პაპუაშვილის მიერ უკრაინაში წასვლის თაობაზე გადაწყვეტილების შეცვლა არსებითად არაფერს ცვლის და „კატასტროფაა, რომ ეს საკითხი საერთოდ სამსჯელო გახდა“.
როგორც ბოკერიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ასევე „აბსურდი და ბოდვა“ იყო „ქართული ოცნების“ პოზიცია, რის გამოც უკრაინაში წასვლაზე თავდაპირველად უარი განაცხადა.
„ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, იმით, რომ პაპუაშვილმა თქვა, რომ შეიძლება წავიდეს, არსებითად ვერაფერი შეცვალა. თავისთავად ის, რომ ბუჩაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ამაზრზენი დანაშაულის შემდეგ საერთოდ სამსჯელო გახდა, წავიდოდა თუ არა საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი მოწვევის შემდეგ, უკვე კატასტროფაა, რომელსაც ვერ გამოასწორებს, მიუხედავად იმისა, საზოგადოების აზრის გათვალისწინებით ან საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ შეცვალა გადაწყვეტილება თუ არა. განცხადება, რატომ არ მიდიოდნენ, ბოდვა, აბსურდი, უზნეობა და ეროვნული ინტერესების საპირისპირო ქმედებაა“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
რაც შეეხება იმას, რომ საპარლამენტო ოპოზიცია უკრაინაში უმრავლესობის წევრებთან ერთად, ერთ დელეგაციაში წავა, ბოკერია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოსგან“ ითხოვს ახსნას, რა არგუმენტით აპირებენ ახლა თანამშრომლობას მათთან, ვისაც კოლაბორაციონისტებს უწოდებენ.
„გუშინ ამ თემაზე დისკუსია იყო და აქეთ შეტევაზე გადმოვიდნენ ჩვენ მიმართ - თანამშრომლობის წინააღმდეგი ხართო. საუბრობდნენ დავით უსუფაშვილი და რომან გოცირიძე. მინდა, ამ ადამიანებს და ამ პოლიტიკურ ძალებს ვუთხრა - გვიპასუხონ, თუ თვლიან, რომ ეს რეჟიმი არის კოლაბორაციონისტი, პუტინისტი (მათ ვციტირებ), აგვიხსნან, რატომ არის თანამშრომლობა ლოგიკური. აგვიხსნან, რა არგუმენტია პუტინისტებთან თანამშრომლობაში. არგუმენტი, რომ უკრაინაში ზელენსკი და პოროშენკო თანამშრომლობენ, არასწორია, ზუსტი ანალოგია (უტრირებას ვახდენ) - მედვედჩუკთან თანამშრომლობა. თვითონაც თვლიან - იმიტომ მივდივართ ერთად, რომ ერთიანობა ვაჩვენოთ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზეო. თუ ასე აღარ თვლიან და აზრი შეიცვალეს, რომ ეს ხელისუფლება კოლაბორაციონისტი არ არის, მათი უფლებაა, მაგრამ გვითხრან, რატომ შეიცვალეს ეს პოზიცია. ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს, როდესაც პაპუაშვილი არ მიდიოდა. როდესაც საპარლამენტო ოპოზიცია იყო უაღრესად მოწადინებული, რომ წასულიყო, პაპუაშვილის დღევანდელი გადაწყვეტილება ცნობილი არ იყო. არათუ „ქართული ოცნების“ დელეგაციაში ყოფნით, პაპუაშვილის წასვლითაც აღარ იცვლება ის მძიმე ვითარება, რაც გვაქვს“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გარდა ამისა, გიგა ბოკერიამ გადაცემაში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ კითხვარზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ამ რეჟიმის პირობებში“ ევროკავშირის წევრობისთვის საქართველოს ნული შანსი აქვს.
„კითხვარში ტყუილს ხომ არ ჩაწერენ? რეალობა უნდა აღწერონ. ამ რეალობის პირობებში, რა შანსი არსებობს ევროკავშირის წევრობის? ამიტომ ეს რეალობა უნდა შეცვალონ. ჩემთვის და „ევროპული საქართველოსთვის“ მარტივად დგას საკითხი - თუ ევროკავშირის წევრობა და ასევე, ნატო-ს წევრობაა ამოცანა, აქ, ამ რეჟიმის პირობებში, შანსი გვაქვს ნული. თუ ვცდებით და სავლე იქცევა პავლედ, ეს იქნება სასიამოვნოდ საღიარებელი შეცდომა. ოღონდ ვერ გვექნება გათვლა საოცრებაზე. პოლიტიკის დამყარება სასწაულის იმედზე არ შეიძლება“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, უკრაინაში გაემგზავროს.