აქტუალური
2010 წლის წლიური შემოსავლები და ხარჯები

saqstatiiiსაქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2010 წლის შემოსავლებისა და ხარჯების წლიური მონაცემები გამოაქვეყნა.

შემოსავლები: 2010  წელს საშუალო თვიური შემოსავლები (ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ) ერთ შინამეურნეობაზე 2009 წელთან მიმართებაში 14.4% პროცენტით გაიზარდა და 651.2 ლარი შეადგინა, მაშინ, როდესაც 2009 წელს აღნიშნული მაჩვენებლის წლიური ზრდა 2008  წელთან მიმართებაში 5.3  პროცენტს შეადგენდა.

რაც შეეხება საშუალო თვიურ შემოსავლებს, გაანგარიშებულს ერთ სულზე, 2010  წელს 2009 წელთან მიმართებაში 15.6 პროცენტით გაიზარდა და 178.6 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2002 წლის შემდეგ საშუალო თვიური შემოსავლების ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ 2008 წელს იყო დაფიქსირებული.

შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც 2010  წელს გასულ წელთან მიმართებაში 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 74 პროცენტი შეადგინა.

შემოსავლების სტრუქტურისგანხილვისას უნდა აღინიშნოს, რომ შინამეურნეობის შემოსავლებში სტაბილურად მცირდება არაფულადი შემოსავლების წილი, რომლის მნიშვნელობა 2010 წელს შემცირდა 12.6 პროცენტამდე. 2010 წელს 2009 წელთან მიმართებაში 14.0 პროცენტით გაიზარდა საშუალო თვიური ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები ერთ შინამეურნეობაზე, ხოლო ანალოგიური მაჩვენებლის ზრდამ ერთ სულზე 15.2 პროცენტი შეადგინა. ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების ზრდა დიდწილად განაპირობა დაქირავებული შრომიდან მიღებული შემოსავლებისა და საჩუქრად მიღებული ფულის ზრდამ. შინამეურნეობების შემოსავლების ქალაქისა და სოფლის ჭრილში განხილვისას აღსანიშნავია, რომ 2010 წელს ქალაქის მოსახლეობის მთლიანი შემოსავლების 82.6 პროცენტი შეადგინა ფულადმა შემოსავლებმა და ტრანსფერტებმა. რაც შეეხება სოფლის მოსახლეობას, მათი შემოსავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო ფულად შემოსავლებსა და ტრანსფერტებთან ერთად არაფულადი შემოსავლებია.

2010  წელს სოფლის მოსახლეობის მთლიანი შემოსავლის 62.8 პროცენტს წარმოადგენდა ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, ხოლო 24.5 პროცენტს არაფულადი შემოსავლები. 2010  წელს გასულ წელთან მიმართებაში ქალაქის მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე – 12.6  პროცენტით, ხოლო ერთ სულზე 14.2 პროცენტით გაიზარდა და, შესაბამისად, 733.8 და 204.5 ლარი შეადგინა. რაც შეეხება სოფლის მოსახლეობას, იმავე პერიოდისათვის ანალოგიური მაჩვენებელი ერთ შინამეურნეობაზე – 16.7 პროცენტით, ხოლო ერთ სულზე 17.6 პროცენტით გაიზარდა და, შესაბამისად, 568.1 და 153.4 ლარი შეადგინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2009  წელს 2008  წელთან მიმართებაში შინამეურნეობების შემოსავლების პროცენტული ზრდა ქალაქის მოსახლეობაში უფრო მაღალი იყო, ვიდრე სოფლის მოსახლეობაში. ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში კვლავ დიდი წილი უჭირავს დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს, ასევე, პენსიებს, სტიპენდიებსა და დახმარებებს, საჩუქრად მიღებულ ფულს და თვითდასაქმებიდან მიღებულ შემოსავლებს.

ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების პროცენტული განაწილება განსხვავდება ქალაქისა და სოფლის მოსახლეობაში. კერძოდ, ქალაქის მოსახლეობის ფულად შემოსავლებსა და ტრანსფერტებში 51.2 პროცენტი უკავია დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს, მაშინ, როდესაც აღნიშნული ტიპის შემოსავლების პროცენტული წილი სოფლის მოსახლეობაში მხოლოდ 27.5 პროცენტს შეადგენს. სოფლის მოსახლეობის ფულად შემოსავლებსა და ტრანსფერტებში მნიშვნელოვანი წილი უკავია პენსიებს,  სტიპენდიებსა და დახმარებებს (25.8 პროცენტი), სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავლებს (19.9 პროცენტი) და საჩუქრად მიღებულ ფულს (14.1 პროცენტი).

ხარჯები: 2010  წელს საშუალო თვიური ხარჯები (ხარჯები, სულ) გასულ წელთან მიმართებაში ერთ შინამეურნეობაზე – 4.7 პროცენტით, ხოლო ერთ სულზე 5.8  პროცენტით გაიზარდა და, შესაბამისად, 581.5 და 159.5 ლარი შეადგინა; რაც შეეხება შინამეურნეობების სამომხმარებლო ფულად ხარჯებს, 2010  წელს წლიურმა ზრდამ ერთ შინამეურნეობაზე 2.2  პროცენტი შეადგინა, ხოლოერთ სულზე – 3.3 პროცენტი. 2010  წელს წინა წელთან მიმართებაში შინამეურნეობების სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში 1.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 70.0 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული კლება განაპირობა არასამომხმარებლო ფულადი ხარჯების ზრდის მაღალმა ტემპმა, რამაც გარკვეული ცვლილებები შეიტანა მთლიანი ხარჯების განაწილებაში. ტრადიციულად, ხარჯების ძირითად ნაწილს, როგორც ქალაქის, ისე სოფლის მოსახლეობაში, სამომხმარებლო ფულადი ხარჯები შეადგენს. სოფლის მოსახლეობაში მნიშვნელოვანი წილი მოდის არაფულად ხარჯებზეც.

2010 წელს ქალაქის მოსახლეობის ხარჯების 80.8  პროცენტს შეადგენდა სამომხმარებლო ფულადი ხარჯები, მაშინ, როდესაც აღნიშნული ხარჯები სოფლის მოსახლეობაში მთლიანი ხარჯების მხოლოდ 57.0 პროცენტს შეადგენს, ხოლო 26.3 პროცენტი მოდის არაფულად ხარჯებზე.

2010  წელს გასულ წელთან მიმართებაში ქალაქის მოსახლეობის საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე – 2.6 პროცენტით, ხოლო ერთ სულზე 3.9 პროცენტით გაიზარდა და, შესაბამისად, 632.5 და 176.2 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სოფლის მოსახლეობას, შესაბამისი პერიოდისათვის ანალოგიური მაჩვენებელი ერთ შინამეურნეობაზე – 7.4 პროცენტით, ხოლო ერთ სულზე 8.2 პროცენტით გაიზარდა და, შესაბამისად, 530.3 და 143.2 ლარს გაუტოლდა. სამომხმარებლო ფულადი ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე გაწეული ხარჯები. ეს ტენდენცია შეიმჩნევა როგორც ქალაქის, ისე სოფლის მოსახლეობაში, თუმცა ქალაქ-სოფლის ჭრილში განხილვისას უნდა აღინიშნოს, რომ სოფლის მოსახლეობაში სურსათის, სასმელისა და თამბაქოს ხარჯების წილი სამომხმარებლო ფულად ხარჯებში 7.1  პროცენტული პუნქტით აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს ქალაქის მოსახლეობაში.