„სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც, მისი ოჯახის განცხადებით, საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ დაკარგული იყო, 28 მაისს საკუთარ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გაუჩინარების დეტალებზე ჟურნალისტებს ესაუბრა.
მან, ასევე, განაცხადა, რომ ტელეფონის საშუალებით ვერ დაუკავშირდებოდა ოჯახს, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა აქციასა თუ პრესკონფერენციაზე აპროტესტებდა მის დაკარგვას. თუმცა, ასევე, აღნიშნა, რომ 27 მაისს ერთი პიროვნების მეშვეობით ჰქონდა ოჯახთან კავშირზე გასვლის მცდელობა, მაგრამ ამ ცნობას მისი მეუღლე არ ენდო.
„მე დავუბრუნდი ჩემს სახლს და პოლიტიკური ბრძოლა გრძელდება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ახლა მისი „დაპატიმრება“ სურთ.
ბათიაშვილი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც პოლიციამ განაცხადა, რომ მისი ძებნა ოჯახის საჯარო განცხადებების საფუძველზე დაიწყო. შსს-მ, ასევე, განაცხადა, რომ არ აპირებდა ბათიაშვილის დაკავებას.
ბათიაშვილმა კომენტარი გააკეთა იმ ფარულ ვიდეომასალაზეც, რომელიც შსს-მ გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ამ მასალებში „საერთოდ არაფერი არ არის“, რაც ანტისახელმწიფოებრივ გეგმებზე მიანიშნებს. მან მოუწოდა ხელისუფლებას, რომ სრულად გამოაქვეყნოს ის ფარული ჩანაწერები, სადაც სხვებთან ერთად თავადაც ფიგურირებს. მისი თქმით, „სახალხო კრების“ წარმომადგენლის, გადამდგარი გენერალ გია უჩავას აღიარებითი ჩვენება, სადაც ის ძალადობრივ გეგმებზე საუბრობს, „სისულელეა“ და „ზეწოლის“ და გარკვეული „პრეპარატების ზემოქმედების“ ქვეშ არის ჩაწერილი.