პოლიტიკა
ნინო კალანდაძე: „საერთაშორისო საზოგადოება 26 მაისის მოვლენების სათანადო გამოძიებაზე ამახვილებს ყურადღებას“

kalandadze_ninooროგორც დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, 26 მაისის ღამეს დემონსტრანტების დაშლის ფაქტს შესაბამისი ორგანოები ადეკვატურად გამოიძიებენ და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებენ. „საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან აღნიშნულ ფაქტს სხვადასხვაგვარი შეფასება მოჰყვა. შეფასებებში, ძირითადად, ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ აღნიშნული ფაქტი უნდა იყოს გამოძიებული. ადეკვატური გამოძიება აუცილებლად მოხდება და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, – განაცხადა კალანდაძემ.

რაც შეეხება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს, მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ აქციის დაშლის ფაქტში ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით ეჭვი არავის შეუტანია, შესაბამისად, რაიმე სახის უარყოფითი შეფასება ქვეყნის იმიჯთან დაკავშირებით ამ ფაქტს არ ექნება.

შეგახსენებთ, რომ „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული აქცია სამართალდამცველებმა 26 მაისის ღამეს დაშალეს. დარბევას უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია. გარდა ამისა, შსს-მ 90-მდე ადამიანი დააკავა, რომელთა ნაწილს 400-400-ლარიანი ჯარიმები გადაახდევინა, ნაწილს კი 30 ან 60-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.