სამართალი
როგორ აღმოჩნდა ბორკილდადებული ნიკა კვინტრაძე მაღაზიის სახურავზე

nika27 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისუფლების მოედანზე ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე ორი დაღუპული იპოვა. ოფიციალური ინფორმაციით, ისინი დენის დარტყმამ იმსხვერპლა. 26 მაისის დარბევის თვითმხილველი ერთ-ერთი დაღუპულის – ნიკა კვინტრაძის, უახლოესი მეგობარი კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიას გმობს. მან ფოტოზე, რომელიც 26 მაისის ღამეს გავრცელდა, თავისი მეგობარი ბორკილდადებული და ცოცხალი ამოიცნო. ამ ფოტოზე 49 წლის ნიკა კვინტრაძე სხვა დაკავებულებთან ერთად ასფალტზე პირქვე წევს.

როგორ აღმოჩნდა ხელბორკილდადებული ნიკა კვინტრაძე მაღაზიის სახურავზე, სადაც მხოლოდ გისოსებზე აძრომითაა შესაძლებელი მოხვედრა, სამართალდამცველებს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ.

ნიკა კვინტრაძის ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზა პროზექტურაში მანამ ჩაუტარდა, ვიდრე მისი გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებს შეატყობინებდნენ. შვილის ცხედრის ამოცნობის შემდეგ ნიკა კვინტრაძის მამა გულის შეტევით გარდაიცვალა.