საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქო მზად არის დაეხმაროს უკრაინის მოქალაქეებს, რომლებსაც სამშობლოში გამგზავრების შესაძლებლობა არ აქვთ, იუწყება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
ხუთშაბათს რუსეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და საჰაერო სივრცე დახურა.
„დღეს არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში იმყოფებიან უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ვერ ახერხებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დატოვებას და სამშობლოში დაბრუნებას. საქართველოს საპატრიარქოს სახელით გვინდა გამოვუცხადოთ მათ თანადგომა, გამოვხატოთ მზაობა და მომართვის შემთხვევაში, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში აღმოვუჩინოთ სათანადო დახმარება“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
დახმარების მსურველებისთვის საპატრიარქო ტელეფონის ნომერს აქვეყნებს: (+995) 551 35 55 33.
უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ტურისტული მიზნებით იმყოფებიან, დახმარებას საქართველოს მთავრობაც უწევს. ეკონომიკის სამინისტრომ კერძო სექტორის მხარდაჭერით უკრაინელ ტურისტებს სასტუმროებში უფასოდ განთავსება შესთავაზა.
ამ დროისთვის სასტუმროებში უფასოდ 200-მდე უკრაინის მოქალაქეა დაბინავებული.
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ ბრძანებულებებს, 24 თებერვალს კი დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას რუსეთი არ გეგმავს.