საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქომ სოციალურ ქსელში სკანდალური ვიდეოს გავრცელების შემდეგ დაგმო ანგარიშსწორება ყოფილი მორჩილის მიმართ, რომელიც სხვა ყოფილმა მორჩილმა ჩაიდინა.
ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უსწორდება და სცემს ანაფორაში გამოწყობილ ერთ მამაკაცს სხვა ანაფორიანი მამაკაცი. მედიის ინფორმაციით, ილარიონ გიგოლაშვილი სასტიკად გაუსწორდა პიროს მუმლაძეს. ინციდენტი თბილისში მოხდა.
„უპირველესად აღვნიშნავთ, რომ ეს ფაქტი ყოველგვარ ზნეობრივ თუ ეთიკურ საზღვრებს სცილდება და მიუღებელია როგორც ქრისტიანული, ისე მორალური და ადამიანური თვალსაზრისით, მით უმეტეს, რომ ვიდეომასალაში ადამიანები საბერო შესამოსლით არიან წარმოდგენილნი“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ საპატრიარქო მომხდარის დეტალებს არკვევს.
„დეტალების დაზუსტების მიზნით ამჟამად მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია შესაბამის ეპარქიასთან, რის შემდეგაც საზოგადოებას ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით ამ უზნეო და ყოვლად მიუღებელი ფაქტის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქოში აღნიშნეს, რომ ასეთი ქმედებები „აზარალებს და ბღალავს ეკლესიის სახელსა და სიწმინდეს“.
შსს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილი დევნა) და 157-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვება და სოციალური ქსელით გავრცელება) დაიწყო.
მუმლაძემ ტელეარხ „რუსთავი2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მსგავსი ინციდენტი ადრეც მოხდა. მუმლაძის თქმით, ადრე გიგოლაშვილმა ძალით გახადა კაბა და გაპარსა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მუმლაძე გიგოლაშვილს მამაკაცებისადმი „დაუოკებელ ლტოლვაში“ გამოუტყდა და უამბო, რომ ქუთაისში ერთ-ერთ სპორტსმენ მამაკაცს სექსი შესთავაზა.
რაც შეეხება ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარს, დეკანოზ შალვა კეკელიას, რომელსაც გავრცელებულ ვიდეოში გიგოლაშვილი ახსენებს, მან აღიარა, რომ ადრე დაემუქრა მუმლაძეს. ამასთან დეკანოზმა განაცხადა, რომ მუმლაძის ცემასთან არაფერი არ აკავშირებს. მუმლაძემ კი ადრე მამა შალვაზე პოლიციაში საჩივარი შეიტანა.
„პოლიციაში ვიყავი, დამკითხეს, მე ჩვენება მივეცი და ვთქვი, რომ დიახაც, მე მას დავემუქრე, იმით კი არა, რომ მოვკლავდი, ან ვცემდი, უბრალოდ, ვუთხარი, რომ არ მივცემდი იმის გასაქანს, რომ ასე მოქცეულიყო. ვუთხარი, რომ პოლიციას გამოვიძახებ და შენ ამის გამო დაგიჭერენ-მეთქი. მაშინ მუქარის გამო მიჩივლა”, – ამბობს მამა შალვა კეკელია.