საზოგადოება
კახი კალაძის საგანგებო განცხადება

kaladze

საახალხო კრების აქციის დარბევასთან დაკავშირებით კომპანია „კალა კაპიტალის“ პრესსამსახურმა კახი კალაძის საგანგებო განცხადება გაავრცელა.
„საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ზუსტად 20 წლის შემდეგ ღამით მოხდა შემზარავი ტრაგედია. სამართალდამცველთა მიერ სასტიკად იქნა დარბეული მშვიდობიანი მიტინგის მონაწილენი, ასაკისა და სქესის განურჩევლად დაუნდობლად, უმოწყალოდ სცემეს აქციის თითქმის ყველა მონაწილეს. არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის, ასევე, სახალხო დამცველის მიერ აღიარებულ იქნა, რომ პოლიციამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა.

თვითმხილველთა განცხადებებითა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებათა მიერ გავრცელებული კადრებიდან კარგად ჩანს, თუ როგორ გამოიყენა დროის უმოკლეს მონაკვეთში სპეციალური დანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი და მხუთავი გაზი, რეზინის ტყვიები და, ბოლოს, როგორ უმოწყალოდ უსწორდებოდნენ უკვე დაპატიმრებულ, ძირს დაგდებულ ხელფეხშეკრულ ადამიანებს. აღნიშნულმა სამხედრო-სადამსჯელო ოპერაციამ გამოიწვია ათასობით ჩვენი თანამემამულის მოწამვლა, ადამიანებმა მიიღეს მრავლობითი ხარისხის უმძიმესი დაზიანებები და, რაც ყველაზე გულსატკენია, არის მსხვერპლი. მწუხარებით თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს და მჯერა, რომ ქართველი საზოგადოებრიობა, დამოუკიდებელი მედიასაშუალებები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ობიექტურად გამოიძიებენ, თუ რა მოხდა სინამდვილეში.
სამხედრო-სადამსჯელო ოპერაციამდე რამდენიმე დღის განმავლობაში ქართველი სამართალდამცველები სხვადასხვა საბაბითა და პროვოცირებით აკავებდნენ ხელისუფლებისგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, მასობრივად ხდებოდა გაუგებარი მიზეზებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამორთმევა.
ჩემთვის – სპორტსმენისათვის, სავსებით აპოლიტიკური ადამიანისათვის, მიუღებელია როგორც ხელისუფლების შეცვლა ძალადობრივი გზით, ისე ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნება ყველანაირი დაუშვებელი მეთოდით. არ შეიძლება ოცდამეერთე საუკუნის საქართველო ერთ ნაბიჯს ევროკავშირისაკენ დგამდეს და ორი ნაბიჯით უკან მიდიოდეს ავტოკრატიისა და დიქტატურისაკენ. არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახელმწიფო მოხელენი არიან ხალხის მიერ დაქირავებულნი. სამართალდამცველებსაც ჩვენივე აკრეფილი გადასახადებიდან აქვთ ხელფასები.
მე, ერთი რიგითი ქართველი, მივმართავ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს, საქართველოს მეგობარ ქვეყანათა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ვთხოვ, რომ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებით დააყენონ საქართველოს როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრისას საკითხი, რათა ობიექტურად გამოიძიონ 26 მაისის ტრაგედიის დამნაშავეთა ვინაობა და ხელი შეუშალონ მასობრივ რეპრესიებს, რაც საქართველოს დემოკრატიულ იმიჯს აშკარად ჩრდილს აყენებს.
აქვე გამოვთქვამ სურვილს, რომ საქართველოს ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს ეყოფათ გონიერება და აღნიშნული სისხლიანი აქცია აღარასოდეს განმეორდება, ისევე, როგორც არ განმეორდება ადამიანთა გაუგებარი მიზეზებით მასობრივი დაპატიმრება“.