საზოგადოება
გია ცაგარეიშვილი დარბევის დროს დაკარგულთა 10-კაციან სიას აქვეყნებს

cagarდღეს პარლამენტში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა იმ ათი მოქალაქის სახელი და გვარი წარადგინა, რომლებიც მიმდინარე წლის 26 მაისის ღამით განხორციელებული დარბევის შემდეგ დაკარგულად ითვლებიან.

ცაგარეიშვილის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები – თამაზ ფანჩულიძე, კონსტანტინე გურული, ვილჰელმ მახარაძე, ირაკლი ბათიაშვილი, ელიზბარ ბიწაძე, კარლო დუმბაძე, რემი ბიწაძე, გიორგი ბაკურაძე, დავით ქინქლაძე და გიორგი მალაზონია, არც თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში და სხვა განყოფილებებში, არც საავადმყოფოებსა და სასამართლოში მიუყვანიათ. „მეორე დღეა, რაც ამ ადამიანებს ოჯახის წევრები სრულიად უშედეგოდ ეძებენ ცოცხლებსა და მკვდრებში. ეს ხდება თბილისში – იმ ქვეყნის დედაქალაქში, რომელიც, ვაი-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, ნატოსა და ევროკავშირის კარიბჭეს მიუახლოვდა. მინდა, შევახსენო სააკაშვილს, რომ მიტინგებს სისხლში არ ახშობენ და შემდგომ უგზოუკვლოდ დაკარგულ ოჯახის წევრებს ლონდონში, პარიზში, ბერლინში, ტალინში არ ეძებენ. ეს სისასტიკეა“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ამასთან, დეპუტატი დაკარგულ მომიტინგეთა ბედით დაინტერესების მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესა და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიას მიმართავს.