„ავიამზიდი ვერასოდეს შეძლებს მტკვარში შესვლას“
ახლახან „ასავალ-დასავალში“ შევეცადე, ამეხსნა აშშ-ის ელჩისთვის, რომ ნამდვილი ქართველები უმალ დაიხოცებიან, მაგრამ არასდროს იქცევიან თეთრ მონებად. კელი მეორეს (კელი დეგნანს) ვთხოვე, ყურად არ ეღო საქართველოში აშშ-ის ყველაზე ცუდი ელჩის კელი პირველის (იან კელის) რჩევები, რათა ქართველებმა ამერიკას კვლავ აღტაცებით და არა სიძულვილით შეხედონ! ვთხოვე — არ განეხორციელებინა საქართველოში ტრაფარეტული კოლონიური პოლიტიკა, რომელმაც მრავალ ქვეყანაში ფიასკო განიცადა. ელჩი ხომ, პირველ რიგში, დიპლომატია, მეგობრობის ხიდი ქვეყნებსა და ხალხებს შორის და ამიტომ ზედმიწევნით მიმზიდველი უნდა იყოს! მაგრამ კელი დეგნანი კვლავაც ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩევლის ამპლუაში დარჩა, რომელიც სწორხაზოვანი მეთოდებით მოქმედებს და ავიწყდება, რომ ავიამზიდი ვერასოდეს შეძლებს მტკვარში შესვლას!
დღეს ძალიან უხალისოდ ვუბრუნდები ამ თემას, რადგან ნამდვილი ქართველები, რომლებსაც კელი დეგნანი არ იცნობს, არ ქილიკობენ ქალებისა და სტუმრების მისამართით, მაგრამ... ვერცერთმა აშშ-ის ელჩმა საქართველოში ვერ გაბედა ასე ღიად ეკარნახა საკუთარი ნება ადგილობრივი ხელისუფლებისათვის, საჯაროდ გაეკრიტიკებინა და დეტალურად გაეკონტროლებინა ყველა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტი, როგორც ამას აკეთებს დეგნანი. ძალოვანი სტრუქტურებით დაწყებული, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიით დასრულებული, ყველაფერი მისი არაჯანსაღი განსჯის არეალში მოექცა. რატომ გადავიდა დეგნანი ოპოზიციის მხარეს უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის ხელმძღვანელობით? გასულ ხუთშაბათს კაპიტოლიუმის შტურმის წლისთავი იყო, რომლის მონაწილეთა სასამართლო პროცესები დღემდე გრძელდება, მაშ, რატომ უჭერს მხარს აშშ-ის ელჩი საქართველოში „გავრილოვის ღამეს“ პარლამენტზე მოიერიშე პუტჩისტებს?! რატომ, ზურაბიშვილის პირით, გვაიძულებს დამნაშავეებთან შერიგებას?! და რატომ აცხადებდა დეგნანი გამუდმებით, რომ „აშშ ყურადღებით ადევნებს თვალყურს იმას, რაც სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება“, რითიც ზეწოლას ახორციელებდა ქართულ სასამართლოსა და იუსტიციის სამინისტროზე? რატომ აიძულა დეგნანმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ჯერ დაერღვია საქართველოს კონსტიტუცია და ხელი მოეწერა მიშელის შეთანხმებისთვის, მერე კი მის ფარგლებში დარჩენილიყო, თუმცა, შეთანხმებას ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა? შემდგომ უავღუსტესმა დეგნანმა საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის გადადება მოსთხოვა და როცა უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მისი განკარგულება არ შეასრულა, მკვეთრად გააკრიტიკა ხელისუფლება და საქართველო ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევაში დაადანაშაულა! შემთხვევით იმიტომ ხომ არა, რომ საქართველოში მოსამართლედ ადგილობრივი ქართველები დანიშნეს და არა აშშ-დან მოწვეული უცხოელები, როგორც ამას მიშელის შეთანხმება ითვალისწინებდა?! და ბოლო სკანდალი — მან პარლამენტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმის შეჩერება მოსთხოვა და როდესაც პარლამენტმა ამჯერადაც უარი სტკიცა ინსტრუქციების შესრულებაზე, მან მკაცრი განცხადებები გააკეთა საქართველოში დემოკრატიის ღალატზე, მივარდა პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში და სასტიკი პრესინგი მოახდინა პარლამენტარებსა და საგარეო საქმეთა მინისტრზე თავისი მოადგილეებითურთ, რომლებიც თავჩაღუნული მხოლოდ თავს უკანტურებდნენ ბოდიშის ნიშნად...
მაშ, რატომ ატეხა დეგნანმა ასეთი დაგნარი საქართველოში?! ავიღოთ, მაგალითად, ბოლო შემთხვევა — რატომ აქცია მან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციური რეფორმა გრანდიოზულ საერთაშორისო სკანდალად? ნუთუ საქართველოში ახლახან შექმნილი ინსტიტუტის შენარჩუნება, რომელმაც სახელმწიფოსადმი ერთგულებაზე ტესტი ვერ ჩააბარა, აშშ-თვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის ელჩმა თავი გადადო მის დასაცავად?! განა შიდა საქმეებში ჩარევა, ორმაგი სტანდარტები და აშკარა დაინტერესება ელჩს ეკადრება?! ნამდვილ ქართველებზე დაყრდნობის ნაცვლად რატომ ეყრდნობა აშშ-ის ელჩი მხოლოდ ომბუდსმენს, სახელმწიფო ინსპექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებს — „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ (საია) და მათ მსგავს წარმონაქმნებს? საია ხომ, საერთოდ, კონვეიერია, სადაც სილიკონის ქართველებს — ყველა ამ ლომჯარია-თოლორაია-გიგაურებს აწარმოებენ!
ზემოაღნიშნული ანტისახელმწიფოებრივი ინსტიტუტები წარმოადგენენ ევროკავშირის პროექტებს საქართველოში, არსებითად — გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების, და იმართებიან შესაბამისი საელჩოების მეშვეობით. სქემა №1 ნათლად აჩვენებს, თუ როგორ მართავენ საქართველოს აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამთავრობო ორგანიზაციები ამა თუ იმ ინსტიტუტების — სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, ომბუდსმენის აპარატის, სხვადასხვა „ენჯეოების“ ოფისების, ასევე მედიის, სააკაშვილის პარტია „საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ტელევიზიის — „მთავარი არხი“ მეშვეობით. ხოლო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის ყველა დონორის ლოგო ფოტოებზე №2,3 თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს.
დეგნანისთვის ღირებულია გატრენინგებული და საქმეში გამოცდილი კადრებიც — ამ ინსტიტუტების ხელმძღვანელები: სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია, ომბუდსმენი ნინო ლომჯარია და ეკა გიგაური. დიდი ალბათობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო თვალთვალის ამსახველი ჩანაწერების ამასწინანდელ გაჟონვა-განთავსებაში ამერიკული სერვერის მეშვეობით გარეულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც ფლობს ისეთივე „მოსმენის გასაღებს“, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 12 სექტემბერს Dark Web-ზე დარეგისტრირდა ვებგვერდი DreamLeaks.net, რომლის IP-მისამართია - კალიფორნია, სან-ხოსე. საიტზე აიტვირთა საიდუმლო თვალთვალის ამსახველი ათასობით აუდიო და ვიდეოფაილი თანდართული სტენოგრამებითა და პატაკებით, მათ შორის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებზე, რომელიც განხორციელდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2014 წლიდან 2021 წლის 23 თებერვლამდე პერიოდში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ჩადენილი ამ უდიდესი დანაშაულის გამოძიების ნება არ დართო ყოვლისმომკითხე დეგნანმა, მაგრამ თავისი აქტიურობით ზედმეტად წარმოჩინდა ყველა ამ პროცესში და ახლა ნახევარი საქართველო დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემთა ბაზა აშშ-ის დავალებით ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ გატეხა!
განა დასაშვებია სახელმწიფოში პარალელური სპეცსამსახურებისა და დაზვერვის არსებობა, რომელთა ხელმძღვანელები საქართველოში არავის ემორჩილებიან აშშ-ის ელჩის გარდა, აქვთ სრული წვდომა საიდუმლო მასალებზე, პერსონალურ მონაცემთა ბაზაზე, თვალთვალის ტექნიკურ საშუალებებზე და კანონით აქვთ მინიჭებული უფლება, გამოიძიონ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დანაშაულები, ჩადენილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მიერ?! და რაც ყველაზე საგულისხმოა — ისინი იმავდროულად არიან ოპოზიციის აქტიური მხარდამჭერები, თანაც „საია“-ს კურსდამთავრებულები!
საკითხავია, რა აუცილებლობით იყო ნაკარნახევი სუს-ისა და შსს-ს დუბლიორი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა, რომელიც გაურკვეველი წარმოშობის იმ გავლენის აგენტებით არის დაკომპლექტებული, რომლებმაც სოროსის ფონდის „ღია საზოგადოება — საქართველოს“ სკოლა გაიარეს?! განა აშშ-ში დაუშვებდნენ ცენტრალური სადაზვერვო სააგანტოსა და გამოძიების ფედერალური ბიუროს პარალელური სტრუქტურების არსებობას?
ომბუდსმენი, სახელმწიფო ინსპექტორი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ გახლავთ ელჩ დეგნანის თვალი-ყური, რაც უარყოფითად მოქმედებს აშშ-ის იმიჯზე საქართველოში. აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული 2021 წლის ვიდეოანგარიშის გაცნობის შემდეგ შეუძლებელია, გაიხსენო რაიმე სასიკეთო, გარდა 500 ათასი დოზა ფაიზერის ვაქცინისა, რომელიც აშშ-მა საქართველოს შემოწირა. მხოლოდ გაურკვეველი ტრენინგები, პრეზენტაციები და დაჯილდოებები სააკაშვილის კომკავშირულ სტილში... მაშ, რა უნდა ვუწოდოთ თბილისში, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის 29 ნომერში, განთავსებულ შენობას — ზესახელმწიფოს საელჩო თუ რიგითი არასამთავრობო ორგანიზაცია? ნუთუ შეერთებულმა შტატებმა ვერ იპოვა საქართველოში უკეთესი პროპაგანდისტები, ვიდრე ეს პროვინციალიზმით აყროლებული დილეტანტები და თაღლითები — ტელეკომპანიები „მთავარი არხი“, „კავკასია“, „ფორმულა“, „პირველი“ და თამარ კინწურაშვილის „მედიის განვითარების ფონდი“, რომელიც შეთავსებით ფეისბუქის ქართველ მომხმარებელთა ცენზორია?!
გაცილებით უფრო ინფორმატიულია ვიდეომიმართვა, რომლითაც აშშ-ის ელჩმა და მისმა მეუღლემ დუგლას მორისმა საქართველოს ახალი წელი და ბედობა მიულოცეს. კელი დეგნანი აღნიშნავს, რომ ამერიკის საელჩოს 2022 წელსაც „დიდი გეგმები“ აქვს. მათ ისაუბრეს იმაზე, რომ „სურთ ქუჩის ძაღლებზე ზრუნვა“ და იმედი გამოთქვეს, რომ „გამოიძებნება ისეთი ოჯახები, რომლებიც ასევე იზრუნებენ ძაღლებზე“. მათ ხელში სწორედ ქუჩაში მცხოვრები ორი ასეთი ძაღლი უკავიათ. დეგნანი ასევე აცხადებს, რომ „2022 წელს ეცდება, იყოს უფრო კეთილი და თანაგრძნობით სავსე მასზე ნაკლებად იღბლიანი ადამიანების მიმართ“.
დიახ, ძაღლის გული ადამიანისას არ ჰგავს, ის არასოდეს გიღალატებს, ამიტომ დეგნანის ზრუნვა ძაღლებზე მისასალმებელია, თუმცა, ცუდია, რომ დეგნანი საქართველოს მოქალაქეებს ძაღლებთან ერთად ახსენებს, ანუ საქართველოში თავის დაგნარს აგრძელებს! სამწუხაროდ, მას ჰბაძავს საქართველოს პრეზიდენტიც, რომელმაც შეიფარა გომბორის გზაზე ნაპოვნი ძაღლი და მას ერთად აღებულ ყველა ქართველზეც კი არ გაცვლის! ეს იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილიც ისეთივე დროებითი სტუმარია საქართველოში, როგორც კელი დეგნანი.
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2022 წლის 10 იანვარი
საქართველო, თბილისი
წყარო: „ასავალ-დასავალი“ №3