აქტუალური
ირაკლი კობახიძე: აშშ-ის საელჩოს განცხადებაში არაერთი უზუსტობაა

 საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. პარტნიორებისგან ხშირად ვიღებთ რჩევებს და რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ. სამწუხაროდ, არის ხოლმე გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც მათი მხრიდან არასამართლიან შეფასებებს ვისმენთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

როგორც კობახიძე ამბობს, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ.

ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს 30-წლიანი ძალიან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება. ძალიან ხშირად ჩვენ ვიღებთ ხოლმე მათგან რჩევებს და რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ. სამწუხაროდ, არის ხოლმე გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც მათი მხრიდან ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს. ეს არის ამისი მორიგი მაგალითი. სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ, რაც არ არის კარგი და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. ჩვენ ვიცით, რომ არის ხოლმე ადამიანური შეცდომები, არასწორი ინფორმაცია და ასე შემდეგ, თუმცა რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის ეს არ არის არც ახსნა და მით უმეტეს არც გამართლება. შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების სათანადო ინფორმირება მოვახდინოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ფაქტობრივი უზუსტობებია. კობახიძემ აღნიშნავს, რომ განცხადებაში საუბარია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე. პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ სამსახური კი არ გაუქმდა, არამედ ორ ნაწილად გაიყო.

რაც შეეხება უშუალოდ განცხადების შინაარსს, აქ არის არაერთი უზუსტობა, ანუ მთლიანობაში არის არასამართლიანი განცხადება. ამ განცხადებაში არის უზუსტობები, მათ შორის ფაქტობრივი უზუსტობობები, ტექნიკური შეცდომები, რაც ძალიან სამწუხაროა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი უნდა უკავშირდებოდეს ადამიანურ შეცდომებს, მათ შორის ის, რომ საუბარია სამსახურის გაუქმებაზე, რაც არის არასწორი. არავითარი სამსახური არ გაუქმებულა, სინამდვილეში, მოხდა კონკრეტული სამსახურის გაყოფა ორ ნაწილად. არათუ არ შემცირებულა კომპეტენციები, პირიქით, მთლიანობაში, ჯამურად ამ სამსახურის უფლებამოსილებები გაფართოვდა. აშკარად ფაქტობრივი შეცდომაა, რაც არის დაშვებული ამ განცხადებაში“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, რას გულისხმობთ ადამიანურ შეცდომაში და ხომ არ არის საელჩოსთან კომუნიკაციის პრობლემა“, კობახიძემ განაცხადა:

მათ შორის შეიძლება იყოს თანამშრომლების მხრიდან მიწოდებული არასწორი ინფორმაცია და ა.შ. ამაში ჩვენ ვერ შევალთ, ეს ინფორმაცია ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს. შესაბამისად, არასწორიც იქნება, რომ ჩვენ ეს განვიხილოთ. მთავარია, რომ სამწუხაროდ, არასამართლიანი, არასწორი განცხადება გაკეთდა, რასაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ სათანადო ინფორმირებით“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, ყოველთვის მზად არიან, რომ საელჩოსთან ნებისმიერ საკითხზე კონსულტაციები ჰქონდეთ.

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ გვქონდეს საუბარი ნებისმიერ თემაზე, კონსულტაციები ნებისმიერ საკითხზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი უამრავი რჩევა მიგვიღია მათგან და გვიმოქმედია ამ რჩევების შესაბამისად. არის ხოლმე ასეთი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც კეთდება არასამართლიანი და არასწორი შეფასებები“, – განაცხადა კობახიძემ.