საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქო უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
„დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 89 წლის გახდა.
დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ მის უწმინდესობას ამ დღეს.
მადლობას ვწირავთ უფალს, რომ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისათვის მნიშვნელოვან ჟამს სწორედ ასეთი გამორჩეული საჭეთმპყრობელი გვარგუნა. მისი უწმინდესობა მრავალი წელია დაუღალავად გვასწავლის ქრისტეს რწმენის ერთგულებას, სიყვარულს, მადლიერებას, მოთმინებას, სიკეთეს, შენდობასა და ადამიანებზე ზრუნვას.
ვუსურვებთ უწმინდესსა და უნეტარესს ჯანმრთელობას, მხნეობას და მრავალჟამიერ სიცოცხლეს!
დაე, უფლის შეწევნით, კიდევ დიდხანს ეწინამძღვროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ქრისტეს ჭეშმარიტებისა და ქართველი ერის სულიერად განმტკიცებისკენ სავალ გზაზე“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.