უცხოეთი
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - ნატო რუსეთთან ფართომასშტაბიანი კონფლიქტისთვის ემზადება

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. ნატო რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტისთვის ემზადება, - ამის შესახებ დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ფომინმა საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლებისა და სამხედრო ატაშეებისთვის მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბლოკის სამხედრო მშენებლობა მთლიანად მიმართულია რუსეთთან ფართომასშტაბიანი, მაღალი ინტენსივობის შეიარაღებული კონფლიქტის მოსამზადებლად“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი განმარტებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავის დოკუმენტებში, მათ შორის, 2019 წლის სამხედრო სტრატეგიაში, პირდაპირ უწოდებს „ჩვენ ქვეყანას კოალიციური უსაფრთხოების საფრთხის მთავარ წყაროს“.

ფომინის თქმით, ამ დრომდე არსებობს რომის დეკლარაცია, რომელშიც მითითებულია, რომ რუსეთი და ნატო არ განიხილავენ ერთმანეთს მოწინააღმდეგეებად. მისი თქმით, მხარეებმა ეს 2010 წლის სამიტზე დაადასტურეს.

interpressnews.ge