რელიგია
მეუფე მიქაელი: თუ პატრიარქს დავუჯერებთ, ყველაფერი კარგად იქნება, თუ არ დავუჯერებთ, შეიძლება ამაზე უარესად ვიყოთ

 საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. ნათელი მომავლის პერსპექტივას ვხედავ; თუ პატრიარქს დავუჯერებთ, ყველაფერი კარგად იქნება, თუ არ დავუჯერებთ, შეიძლება ამაზე უარესად ვიყოთ, - ასე უპასუხა თიანეთის და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტმა, მეუფე მიქაელმა (გაბრიჭიძე) ჟურნალისტების კითხვას ე.წ. საყოველთაო შერიგებასთან დაკავშირებით.

როგორც მეუფე მიქაელმა აღნიშნა, ყველა ადამიანმა პირადული გვერდზე უნდა გადადოს და საერო საკითხი პირველ ადგილზე დააყენოს.

„ეკლესია ქადაგებს, რომ ყველა ადამიანი იყოს ერთმანეთთან ახლოს, თბილად, ტკბილად და ყველა იყოს ღმერთთან. ღმერთი ყველას კარგს მოგვანიჭებს იმიტომ, რომ ადამიანს არ შეუძლია ის, რაც ღმერთს შეუძლია. ხომ ვართ დარწმუნებულები, რომ მარტო ადამიანური არ გამოგვდის?! ერთი ერთში ფიქრობს, მეორე სხვას, მესამე და მეოთხე კიდევ სხვას, ყველა ადამიანს თავისი აზრი და შეხედულება აქვს, სამშობლო კი ერთია, ღმერთი ერთია, ამიტომ ღმერთს თუ დავუჯერებთ, ყველაფერი კარგად იქნება. რა გვჭირს დასაცალცალკავებელი? - ერთი მუჭა ხალხი ვართ. ჩემთვის შერიგება ნიშნავს იმას, რომ ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი დადიოდეს ეკლესიაში, ეკლესიურ წესებს და კანონებს შეძლებისდაგვარად აღასრულებდეს და ღმერთი დაალაგებს ყველაფერს, ადამიანი ვერ ალაგებს. ვიყოთ ღმერთთან, ვიყოთ პატრიარქის მორჩილების და ლოცვა-კურთხევის ქვეშ და ყველაფერი კარგად იქნება. გვითხარით რაში ჩავერთოთ და ჩავერთვებით. გადავდოთ პირადული გვერდზე და საერთო საკითხი დავაყენოთ უფრო წინ და პირველ ადგილზე, დავემორჩილოთ დედა-ეკლესიას“, - განაცხადა მეუფე მიქაელმა.