პოლიტიკა
საპროტესტო აქცია – მეოთხე დღე, პირდაპირი რეპორტაჟი №2, 2011 წლის 24 მაისი, თბილისი

akcia_tel1217:30. საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება ჩვეულებრივ მომიტინგეებს და აქციის მხარდამჭერებს მიეცათ, რომელთა რიცხვი რამდენიმე ასეულ ადამიანს არ აღემატება. როგორც მათი, ისე აქციის ორგანიზატორების მხრიდან კვლავ აქტუალურია „ქართული პარტიის“ დღევანდელი გადაწყვეტილება, რასაც ყველა გამომსვლელის მხრიდან სერიოზული კრიტიკა მოჰყვა.

სცენაზე რამდენჯერმე ავიდა „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელიც საქართველოში ოქრუაშვილის ჩამოუსვლელობის გადაწყვეტილებით საკმაოდ გაღიზიანებული ჩანდა. ბურჯანაძემ მომიტინგეებს მიმართა, რომ რაც უნდა მოხდეს, დაწყებულ ბრძოლას ისინი ბოლომდე მიიყვანენ. მისი თქმით, „დღეს და ხვალ საქართველოს ბედი წყდება!“

 

ბურჯანაძე საკმაოდ მკაცრი ტონითაც გამოირჩეოდა მოქალაქეთა იმ ნაწილის მისამართით, რომლებიც, მისივე თქმით, „სოროებში სხედან და სხვადასხვა მიზეზის გამო ხალხის გვერდით არ დგანან“. „მივმართავ მთელ საქართველოს: გამოდით სოროებიდან, სირცხვილია, ქართველები სოროებში ისხდნენ!“ – განაცხადა ბურჯანაძემ.

ამასთან, მან „ქართული პარტია“ ხელისუფლების თამაშის თამაშში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ოქრუაშვილი თბილისში ჩამოსვლას არც აპირებდა და მან იცრუა, როგორც 2009 წლის აპრილის აქციების დროს.

გარდა ამისა, საზოგადოებას ბურჯანაძის პარტიის წევრმა გია კობახიძემაც მიმართა და ხვალ, 25 მაისს, 12:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდა, რათა, მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის სამხედრო აღლუმის ჩაბარების შესაძლებლობის წართმევის მიზნით აქციამ თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლოს.

„შეფიცულთა რაზმის“ ხელმძღვანელ გია ბურჯანაძის შეფასებით, დღეს თბილისში, და არა მხოლოდ თბილისში, ლეკიანობაა, რადგან გამუდმებით იტაცებენ ადამიანებს და ამ მხრივ ამაღამდელი ღამე ყველაზე მძიმე იქნება თბილისში.