პოლიტიკა
საპროტესტო აქცია – მესამე დღე, პირდაპირი რეპორტაჟი №4, საპროტესტო აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, 2011 წლის 23 მაისი, თბილისი

akcia_tel1616:00. აქციაზე ხალხის რაოდენობა თანდათან იმატებს. ლიდერებმა გამოსვლები უკვე დაიწყეს. თავდაპირველად შეკრებილთ კრების თავმჯდომარე ნონა გაფრინდაშვილმა მიმართა, რომელმაც მხარდამჭერებს გამძლეობისთვის მადლობა გადაუხადა.

ამის შემდეგ მიკროფონთან „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მივიდა, რომელმაც საზოგადოებას ამცნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართულმა ჯარმა ხელისუფლების შეთავაზებაზე – საჭიროების შემთხვევაში ხელი აწიოს ხალხის წინააღმდეგ, კატეგორიული უარი განაცხადა. ამ ინფორმაციას მომიტინგეთა მხრიდან ოვაციები მოჰყვა.

რაც შეეხება საბჭოს გადაწყვეტილებას და გეგმებს, ბურჯანაძის განცხადებით, „სახალხო კრება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებამ ვერ ჩაიბაროს სამხედრო აღლუმი მშვიდად, რაც, მისივე თქმით, ხელისუფლების ოპონენტების ღირსების საქმეა.

„ჩვენი მოქმედებები იქნება უკიდურესად მშვიდობიანი, კონსტიტუციური, თუმცა ჩვენი რაოდენობა და სწორედ დაგეგმილი აქციები იქნება ის ძალა, რომელიც მთელ მსოფლიოს დაანახვებს, რომ ქართველები დემოკრატიისთვის იბრძვიან და ამას აუცილებლად მიაღწევენ. ამ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ 25 მაისის 12:00 საათამდე საპროტესტო კერა შენარჩუნდეს სწორედ აქ, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ. ამავე დროს, ხვალ, 15:00 საათზე, უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით. 25 მაისს, 12:00 საათზე, აქ მყოფნი დავიძვრებით, გადავაადგილდებით აქედან და შევიკრიბებით თავისუფლების მოედანზე, რადგან ყველა დადგეს ბოლო ზარზე, რომ ხელისუფლებამ აღლუმი მშვიდად ვერ ჩაატაროს და გარწმუნებთ, პრეზიდენტი აღლუმს მშვიდად ვერ ჩაიბარებს. ჩვენ ვაიძულებთ მმართველ გუნდს, წავიდეს ხელისუფლებიდან!“ – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ხალხთან ერთად ისინი გაათავისუფლებენ პოლიტპატიმრებს და აუცილებლად გაიმარჯვებენ.

„ძალა ხალხშია!“ – დასძინა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.