პოლიტიკა
საპროტესტო აქცია – მესამე დღე, პირდაპირი რეპორტაჟი №2, საპროტესტო აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, 2011 წლის 23 მაისი, თბილისი

akcia_tel1413:30. საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია გრძელდება. ამ დროისთვის იქ მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანია შეკრებილი. აქციის ლიდერებმა მომიტინგეებს მოუწოდეს, მზეს მოერიდონ და თავი დროებით – 15:00 საათამდე, ჩრდილს შეაფარონ. სწორედ 15 საათზე განახლდება ოპოზიციონერთა გამოსვლები, როცა, როგორც „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, „საკმაოდ ბევრისმთქმელი განცხადებები გაკეთდება და სამოქმედო გეგემის ნაწილი იქნება გახმიანებული“.

„ჩვენი გეგმები ხალხის აქტიური თანადგომისა და მხარდაჭერის შემთხვევაში, უღირს სააკაშვილს ხელისუფლებას ჩამოაშორებს“, – განაცხადა ბურჯანაძემ, რომელმაც პირობა დადო, რომ კრება საკუთარ მხარდამჭერებს იმედს არ გაუცრუებს.

ამასთან, ნინო ბურჯანაძე 15.00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერს ითხოვს, რათა კრების განცხადება მთელმა საქართველომ მოისმინოს.

გარდა ამისა, ლიდერების ინფორმაციით, დღესვე აქციაზე „სახალხო კრების“ ბათუმელი მხარდამჭერების შეერთებაც იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ დღესვე, ტელეკომპანია „მაესტროს“ სპეციალური განცხადებაც გავრცელდა, რომელშიც არხის ხელმძღვანელობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მედიის წარმომადგენლების მიმართ რაიმე შეზღუდვების დაწესების და, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე საინფორმაციო საშუალებას აქციის ლიდერები მოვლენის გაშუქების შესაძლებლობას არ მისცემენ, „მაესტრო“ ამ ჟურნალისტებს სოლიდარობას გამოუცხადებს და აქციის გაშუქებას თავადაც შეწყვეტს.

ყველასთვის ცნობილია „მაესტროს“ აქციების მფლობელთა ვინაობა და ისიც, რომ ტელეკომპანიას „ქართულ პარტიასთან“, ასე ვთქვათ, პირდაპირი კავშირი აქვს. შესაბამისად, არხის ეს განცხადება სწორედ „ქართული პარტიის“ პოზიციების დაფიქსირებასაც ნიშნავს, რაც ქმნის გარკვეულ ეჭვს, რომ „სახალხო კრების“ მედიის წარმომადგენლებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, შესაძლოა, ხვალ და ზეგ ამ ორ მომხრე ფრთას შორის ტანდემი აღარც შედგეს.