საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინდელ სასამართლო პროცესს, რომელზეც შესვენება გამოცხადდა, აღარ დაესწრო. ამის შესახებ სხდომაზე შესვენების გამოცხადებამდე გახდა ცნობილი.
სასამართლო პროცესზე სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ექიმების რეკომენდაცია გააჟღერა, რომ უმჯობესია ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სხდომა გადაიდოს.
თუმცა, მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სხდომა 17:00 საათამდე, შესვენების შემდეგ გაგრძელდა.
„გვაქვს გარკვეული შუამდგომლობები, რომელიც საკმაოდ მოცულობითი და სამსჯელოა. მე დღეს არ მქონდა მოლოდინი, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამდენი საათის განმავლობაში მისცემდა ჯანმრთელობის მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობას, რომ პროცესზე მონაწილეობა მიეღო და ამხელა სიტყვით წარმდგარიყო საზოგადოების წინაშე. თუ დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ არის, გადავდოთ პროცესი, თუ მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ და მზად ვართ წარმოვადგინოთ შუამდგომლობები“, - მიმართა მოსამართლეთა კოლეგიას ბექა ბასილაიამ.
რაც შეეხება მოსამართლეთა კოლეგიის კითხვას შუამდგომლობებთან დაკავშირებით, სააკაშვილმა დარბაზის დატოვებამდე აღნიშნა, რომ ის ადვოკატების პოზიციას დაეთანხმება.