სამართალი
ქრისტიან-დემოკრატები: „ვითარება ფეთქებადსაშიშია!“

qdm2როგორც „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დღეს, დილით, განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ნებისმიერმა არარაციონალურმა მოქმედებამ შესაძლოა, სიტუაციის უკიდურესი დაძაბვა და გართულება გამოიწვიოს, რაც სახელმწიფოს და მოქალაქეთა ინტერესებს ეწინააღმდეგება.

მოძრაობის ლიდერების განცხადებით, ისინი გმობენ ძალადობას, ვის მხრიდანაც უნდა მოდიოდეს ის და მოუწოდებენ სამართალდამცავ სტრუქტურებს, დაიცვან მოქალაქეთათვის კონსტიტუციით გათვალისწინებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და უზრუნველყონ მანიფესტანტების უსაფრთხოება.

ამასთან, ქრისტიან-დემოკრატები მიიჩნევენ, რომ 26 მაისს სამხედრო აღლუმის ჩატარება სარისკო და სახიფათო იქნება. „დღეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაფიქრდეს 26 მაისს სამხედრო აღლუმის ჩატარების მიზანშეწონილობაზე და საზოგადოებას გადაწყვეტილება ოპერატიულად აცნობოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი დღეს, დილით, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის მოხდა. დაშავებულები ორივე მხარეს არიან.