პოლიტიკა
საპროტესტო აქცია – მეორე დღე, პირდაპირი რეპორტაჟი №4, საპროტესტო აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, 2011 წლის 22 მაისი, თბილისი

akcia_tel1113:50.  „სახალხო კრების“ ლიდერები ხალხის თანადგომის ნაკლებობას უჩივიან და ოპოზიციურ პარტიებს ხალხის გვერდით დგომისკენ მოუწოდებენ. როგორც კოსტავას გამზირზე სიტყვით გამოსვლისას შეფიცულთა რაზმის ხელმძღვანელმა გია ბურჯანაძემ განაცხადა, გასული დღეების განმავლობაში კეთდებოდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ კრების მხარდამჭერების მიმართ ძალას გამოიყენებდნენ, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა თავისი მხარდამჭერებითურთ კრებას გვერდით დაუდგებოდა, თუმცა ჯერჯერობით ხალხის გვერდით არცერთი მათგანი არ გამოჩენილა. „მეტი რაღა ძალა უნდა გამოიყენონ?! პირდაპირ ეთერში ხომ არ უნდა გვიყურონ, როგორ დაგვხოცავენ. მერე, ალბათ, მოვლენ და გვირგვინებს მოიტანენ. თუ აიტანეთ, პირდაპირ ეთერში უყუროთ, როგორ გვხოცავენ, თქვენს სინდისსა და ვაჟკაცობაზე იყოს“, – განაცხადა გია ბურჯანაძემ.

ამასთან, სიტყვით გამოსვლისას კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრმა გია კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, 14:00 საათზე დაგეგმილი მიტინგი არ გაიმართოს. ამიტომ იგი საზოგადოებას მოუწოდებს, დროულად შემოუერთდნენ სახალხო კრების აქციას. „ზონდერბრიგადების უშუალო სამიზნეები არიან კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრები და ლიდერები. სწორედ ამგვარი პროვოკაციებით ცდილობენ ისინი, წინ აღუდგნენ სახალხო კრების ბრძოლას სამართლიანობისათვის“, – დასძინა კობახიძემ.

კოსტავას გამზირზე ნინო ბურჯანაძის მეუღლე და უფროსი ვაჟიც გამოჩნდნენ. ბადრი ბიწაძე დროშის ტარებით აღჭურვილ რამდენიმე პირთან ერთად გმირთა მოედნის მხარეს მდებარე პერიმეტრს აკონტროლებს.