რელიგია
წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღესრულა. წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა. კათოლიკოს-პატრიარქი ქადაგებისას მოკლედ შეეხო ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას და აღნიშნა, რომ ადამიანებს შორის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობებია.
ამასთან, ილია მეორემ ზნეობრივი სიწმინდის აუცილებლობაზე, წეს-ჩვეულებების შენარჩუნებაზე იქადაგა, რადგან, მისი თქმით, ბოლო პერიოდში საზოგადოებაში დიდი ნიაღვარით მოდის უზნეობა. კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, რომ თითოეული ოჯახი უნდა იყოს მთლიანი ერთი პატარა ეკლესია.