რედაქტორისგან
სააკაშვილის დედამ უკრაინის მოქალაქეობა მიიღო?! - არნო ხიდირბეგიშვილი

   მიუხედავად იმისა, რომ მისი ვაჟი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკვე 34-ე დღე „შიმშილობდა“ რუსთავის №12 ციხეში, მიხეილ სააკაშვილის დედა - გიული ალასანია სასწრაფოდ გაფრინდა კიევში, რათა გასულ ხუთშაბათს, 2021 წლის 4 ნოემბერს, შეხვედროდა უღიარებელი „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის“ წინამძღოლს, კიევისა და სრულიად უკრაინის ცრუ-მიტროპოლიტ ეპიფანეს (დუმენკო). როგორც „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის“ საიტი იტყობინება, შეხვედრა გაიმართა მიტროპოლიტ ეპიფანეს რეზიდენციაში.

   „საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა მოჰყვა, რომ დედის გული ტკივილისგან იხლიჩება. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა სულიერად დაუჭირა მხარი გიული ალასანიას, აღნიშნა რა, რომ ცხოვრებისეულ გზაზე წარმოქმნილი განსაცდელი უნდა დაიძლიოს სულის სიმტკიცითა და ღვთის სასოების რწმენით. წინამოძღოლი გულთბილად დახვდა სტუმარს და ესაუბრა სხვა ცხოვრებისეულ თემებზეც, იმის აღნიშვნით, რომ ლოცვას აქვს უდიდესი ძალა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში“, - ნათქვამია „კიევის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის მიტროპოლიის“ პრესსამსახურის ინფორმაციაში. ხოლო როგორც სააკაშვილის Facebook-გვერდი იტყობინება, „ამ რთულ დროს უკრაინული სამღვდელოება თვალყურს ადევნებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. მიტროპოლიტმა გვამცნო, რომ ლოცულობს მიხეილ სააკაშვილისთვის და სჯერა სიმართლის გამარჯვების“.

   იბადება ლოგიკური კითხვა: რა აუცილებლობას წარმოადგენდა გიული ალასანიას უკრაინაში გაფრენა-გამოფრენა, როცა მისი ვაჟი მიხეილ სააკაშვილი ამ დღეების განმავლობაში შესაძლოა მომკვდარიყო, ვიტამინიზებული ფაფები და ხორცი რომ არ მიეღო და ლიმონათი და თაფლიანი ჩაი არ დაეყოლებინა? ნუთუ მხოლოდ იმით, რომ კურთხევა მიეღო გუკრაინის აუღიარებელი ახალი ეკლესიის ცრუ-მიტროპოლიტისგან? განა ნატანჯ გიულის, რომლის „დედობრივი გულიც ტკივილისგან იხლიჩება“, არ მიიღებდა, არ ანუგეშებდა და არ დალოცავდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე?! მიუხედავად იმისა, რომ ის არასოდეს გამოირჩეოდა ღვთისმოსაობით, არ დადიოდა ეკლესიაში და არ სტუმრობდა კათოლიკოს-პატრიარქს მაშინაც კი, როცა მისი ვაჟი საქართველოს პრეზიდენტი იყო და მას სულ ჰქონდა ამის საშუალება? მაშინაც საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლისა და ქართველი ერის სულიერი მამის მაგივრად გიული სხვა რელიგიის მოღვაწეს - ისლამისტ თურქ მქადაგებელს, იმამ მუჰამედ ფეთულა გიულენს ხვდებოდა...

   ამ კითხვაზე პასუხს გვცემს ფოტოსურათი - „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის“ ვებგვერდზე განთავსებული სამიდან ერთ-ერთი, რომელიც ასახავს საქართველოში დაკავებული უკრაინის მოქალაქის დედის ვიზიტს „მის უნეტარესობა მიტროპოლიტ ეპიფანესთან“, საიდანაც ასევე ვიგებთ, რომ გიული ალასანია მიღებაზე იმყოფებოდა სააკაშვილის მორიგ „საცოლესათან“, უკრაინის რადას დეპუტატ ლიზა იასკოსთან ერთად. ფოტოზე, როგორც ვხედავთ, ეპიფანე დენისენკო გიული ალასანიას, სავარაუდოდ, უკრაინის პასპორტს და უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელ თანდართულ დოკუმენტებს - პირადობის მოწმობას და უკრაინის მოქალაქეობის მოწმობას გადასცემს. როგორც ჩანს, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი არ წავიდა საქართველოსთან დიპლომატიურ სკანდალზე - არ მიიღო მსჯავრდებულის დედა და არ დააკმაყოფილა მისი უკანონო მოთხოვნა - როგორმე მიშას აქეთ, უკრაინაში გადმოყვანა (ვიდეომიმართვა გიული ალასანიამ კიევიდან და არა თბილისიდან გააკეთა და ის განთავსდა ქსელში იმავე დღეს, 4 ნოემბერს, დილით, იმავე დღეს იგი შეხვდა უკრაინის იუსტიციის მინისტრსა და ომბუდსმენს). მაგრამ ამ საქმის რამენაირად კომპენსაციის მიზნით, ზელენსკიმ რეფორმების საკითხებში თავისი ყოფილი მრჩეველის დედას უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა (როგორც უწინ - თავად მიშას), ხოლო პასპორტი გადასცა მიტროპოლიტ ეპიფანეს მეშვეობით, რომელიც გიული ალასანიას მისი, პრეზიდენტი ზელენსკის დავალებით შეხვდა. ეს კი ნიშნავს, რომ გიული ალასანიამ უკვე თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, როგორც უწინ მისმა ვაჟმა მიშამ.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 11 ნოემბერი
საქართველო, თბილისი