21.00 საათიდან საპროტესტო აქციაზე ვითარება არ შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით მომიტინგეთა რიგების საგრძნობლად შეთხელებას (2-2.5 ათას კაცამდე); ლიდერები სცენაზე ერთმანეთს ცვლიან, ერთსა და იმავე მოწოდებებს იმეორებენ: „ჩვენ უნდა დავიბრუნოთ საზოგადოებრივი მაუწყებელი - ის ხალხს ეკუთვნის და ეს ჩევნი პირველი ამოცანაა!“ „მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაათავისუფლოს დღეს დედაქალაქსა და რეგიონებიდან აქციაზე წამოსული და დაკავებული ჩვენი მომხრეები!“ „მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველო - გამორთეთ ტელევიზორები და მოდით აქციაზე!“ „გთხოვთ, დღეს, ამ ერთ ღამეს, არავინ დაიშალოს - ხვალ მთელი თბილისი და დასავალეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან ბევრი ხალხი შემოგვიერთდება და ჩვენ გრანდიოზულ მიტინგს ჩავატარებთ!“
ლიდერები ხშირად მართავდნენ ერთობლივ ბლიც-კონსულტაციებს, ბურჯანაძემ ინტერვიუ მისცა უცხოურ მედიას და ასევე, მომიტინგეებს აცნობა, რომ დიპკორპუსის წარმომადგენლები ურეკავენ, რომლებიც ყურადღებით ახორციელებენ საპროტესტო აქციის მონიტორინგს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მომიტინგეებმა მთელ მსოფლიოს თავიანთი ერთიანობა უჩვენონ და არ დაიშალონ.
რაც შეეხება ბათუმს - იქ მოვლენები გაცილებით მშვიდობიანი სცენარით ვიტარდებოდა: მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა ალყა შემოარტყეს აჭარის ტელერადიომაუწყებლის შენობას და მის ხელმძღვანელობას ულტიმატუმი წაუყენეს - 15 წუთის შემდეგ მათთვის პირდაპირი ეთერი დაეთმოთ, - მე-12 წუთზე იქ სპეცნაზი მივიდა და მომიტინგეები ხელკეტებით დაშალა. მომიტინგეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს: ცვიოდა ქვები, შენობის პირველ სართულზე ჩაილეწა ფანჯრები, ბრძოლა დროშის ტარებითაც გაიმართა.
მოკლე ხნის შემდეგ დაშლილი მომიტინგეების ნაწილი კვლავ შეიკრიბა, თუმცა, უკვე ტელევიზიის მოპირდაპირე მხარეს და თბილისში მომიტინგეებს სოლიდარობა გამოუცხადეს - დაჰპირდნენ, რომ ბოლომდე იდგებოდნენ. როგორც საქინფორმმა უკვე აცნობა მკითხველს, ბათუმში არიან თემურ შაშიაშვილი და ელიზბარ ჯაველიძე - „სახალხო კრების“ ლიდერები, რომლებიც იქ საგანგებოდ, წინადღეს ჩავიდნენ თბილისიდან.
ასეთია „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის პირველი დღის შედეგები. რა გხვდება პირველ რიგში თვალში?
-„სახალხო კრების“ მომხრეთა და მომიტინგეთა რიგების შეთხელება ყოველ მორიგ ჯერზე - თუკი 2010 წლის 25 ნოემბრის აქციებზე, რომლებიც უშედეგოდ დასრულდა, მაინც 20.000 ათასამდე მომიტინგე იყო, ამჯერად „სახალხო კრებამ“ ვერ შეძლო 10.000 კაცის მობილიზებაც კი თავისუფლების მოედანზე, 5000-ისა - საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, ხოლო 2011 წლის 21 მაისს, 09.00 საათისთვის აქ 100-მდე კაციღა იყო;
-მოქმედების მკაფიო გეგმის არარსებობა, თუმცა ლიდერები ყველას არწმუნებდნენ - გამოსვლების დროს და ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუებში, რომ გეგმა ჰქონდათ. ლიდერების მიერ გამოცხადებული ტაქტიკა - ხელისუფლება დაქანცონ - ასეთი სუსტი ორგანიზების პირობებში აშკარად არაეფექტიანი აღმოჩნდება და კვლავ მარცხით დასრულდება, როგორც ეს არაერთხელ უკვე მოხდა. ეს უბრალო ხალხსაც ესმის და უკვირს, რომ აქციის ხელმძღვანელებმა, გამოცდილმა პოლიტიკოსებმა ეს ვერ გაითვალისწინეს.
-აქციის ლიდერების - „სახალხო კრების“ ხელმძღვანელთა დაბნეულობა. შთაბეჭდილება იქმნება, რომ მათ ვიღაცის მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ - ან სხვა ოპოზიციური ძალების, ანდა ხალხის მეტი აქტიურობის, თუმცა მათი იმედები არ გამართლდა.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთ ლიდერს არ შესწევს უნარი, უხელმძღვანელოს ისეთი სტრატეგიული მიზნების მქონე აქციებს, როგორიცაა მოქმედი ხელისუფლების ჩამოგდება, რადგან არ ფლობს ელექტორატის მხარდაჭერის აუცილებელ რესურსებს, აწ. გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და ამჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უნარ-ჩვევებს.