პოლიტიკა
პირდაპირი რეპორტაჟი №4, საპროტესტო აქცია, 21 მაისი, 2011 წელი, თბილისი

hands16.30. თბილისში წვიმა შეწყდა. თავისუფლების მოედანზე შეკრებილთა რაოდენობამ დაახლოებით 10000-მდე მიაღწია. საპროტესტო აქციაზე გაკეთდა განცხადება, რომ ბათუმის ცენტრალური მოედანი სავსეა ხალხით.

აქციას უერთდებიან რეგიონებიდან ჩამოსულებიც. შეკრებილნი ერთხმად გაიძახიან „გაუმარჯოს საქართველოს!“

მიტინგის ოფიციალური გახსნა ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო – ორიდან ერთ-ერთი მანქანა, რომელზეც დამონტაჟებულია სცენა, გაუმართავი აღმოჩნდა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ საქინფორმის კორესპონდენტს განუცხადა, „ხელისუფლება პანიკაშია და ყველაფერზე მიდის. კერძოდ, სატვირთო ავტომანქანების ბენზინის ბაკებში, რომელთაც უნდა გადაეტანათ სცენა და აპარატურა, ჩაყარეს შაქარი და ქვიშა“.

მიუხედავად ამისა, აქცია წუთი წუთზე დაიწყება, როგორც კი დაამონტაჟებენ სცენას და ლიდერები გამოაცხადებენ სამოქმედო გეგმას.