რელიგია
მიქაელ ბოტკოველი: მიხეილ სააკაშვილმა დამავალა, გადავცე მის უწმინდესობას, რომ კვლავ გააგრძელებს შიმშილობას

 საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილმა დამავალა, გადავცე მის უწმინდესობას, რომ ის კვლავ გააგრძელებს შიმშილობას, რადგან ეს არის მისი პრინციპული პოზიცია, - ამის შესახებ რუსთავის ციხესთან პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა მედიასთან ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქს მადლობა გადაუხადა.

„გადავეცი ბატონ მიხეილ სააკაშვილს მისი უწმინდესობის გზავნილი. პირადად გადავეცი წერილი, სადაც მისი უწმინდესობა მას კიდევ ერთხელ სთხოვს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ის წუხს იმის გამო, რომ ამდენ ხანს შიმშილობს.

ბატონმა მიხეილმა მადლობა და გადაუხადა მის უწმინდესობას, უკვე მეორედ ვესტუმრე მას და ის გრძნობს მისი უწმინდესობის ყურადღებას. მან აღნიშნა, რომ ის პატივს სცემს მის უწმინდესობას. მან დამავალა, რომ გადავცე მის უწმინდესობას, რომ ის კვლავ გააგრძელებს შიმშილობას, რადგან ეს არის მისი პრინციპული პოზიცია და ამ პოზიციაში კორექტირების შეტანას ამ ეტაპზე არ აპირებს”, - განაცხადა ბოტკოველმა.

ამასთან პატრიარქის მდივანმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ წინა შეხვედრასთან შედარებით წონაში კლება აღენიშნება.

„წინა შეხვედრასთან შედარებით, აშკარად შევამჩნიე, რომ ის წონაში მოკლებულია. სხვა განზომილებების შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან არ გახლავართ ამ დარგის სპეციალისტი და ვერ ვერკვევი ასეთ საკითხებში. რომ გითხრათ რომ რაიმე განსაკუთრებული შევამჩნიე იმ მხრივ, რომ მას მეტყველება უჭირს ან აზრების ჩამოყალიბება, ეს ნამდვილად არ ეტყობა. ის ჩვეულებრივ საუბრობდა.

მეც ვურჩიე მას, რომ იქნებ შეწყვიტოს შიმშილობა, მაგრამ მას აქვს მყარი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით”. რაც შეეხება რჩევებს კლინიკასთან დაკავშირებით, ასეთი საკითხების განხილვისგან თავს შევიკავებ, ეს ჩემი კომპეტენციის სფეროს სცილდება”, - განაცხადა ბოტკოველმა.

მან ასევე კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებულ საკთხზე და აღნიშნა, რომ:

„პატრიარქს არ აქვს იმის უფლებამოსილება, რომ ის შეიწყალოს, მისმა უწმინდესობამ უნდა მიმართოს პრეზიდენტს. მისი და ეკლესიის შუამდგომლობით, ასეთი შემთხვევები ყოფილა მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში და მინდა შეგახსენოთ, რომ საპატრიარქოში არსებობს ასეთი განყოფილება, სადაც ამა თუ ინ პატიმარზე ხდება შესაბამისი დოკუმენტაციის შემოტანა და ამ საბუთების განხილვის შემდეგ ეს გადაიგზავნება იუსტიციის სამინისტროში, შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. არ ვიცი, ამას უფლებადამცველები როგორ გაიგებენ, ყოველ შემთხვევაში მინდოდა ამის დაზუსტება - როგორც ასეთი, პატრიარქი ვერავის შეიწყალებს.

ასეთი წერილები ათობით და ასობით შემოდის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ყველა წერილი არ კმაყოფილდება, რადგან ჩვენ ვუწევთ რეკომენდაციას არა მძიმე კატეგორიის პატიმრებთან დაკავშირებით, არამედ მსუბუქ დანაშაულებზე.

ასეთ თემებთან დაკავშირებით, საკითხების შემოტანა შეიძლება. იურიდიული კომისია, რომელიც საპატრიარქოში იმყოფება, ასეთ საკითხებს ამუშავებენ, შემდეგ კი შესაბამის ინსტანციებში გადაუგზავნიან ისეთს, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევენ”, - განაცხადა პატრიარქის მდივანმა.