„ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ქართველ ოფიცრებსა და ჯარისკაცებს „უახლოეს დღეებში არჩევანის ხალხის სასარგებლოდ გაკეთებისკენ“ მოუწოდებს. ოპოზიციონერი ლიდერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:
თქვენ არ გენდობოდნენ და არ გენდობიან. საუკეთესო ოფიცრების დიდი ნაწილი არა მხოლოდ სამსახურიდან დაითხოვეს, არამედ შეთითხნილი ბრალდებით ციხეში გამოკეტეს მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო უყვარდათ და ეს ხმამაღლა თქვეს. მამუკა გორგიაშვილისა და ლევან ამირიძის მაგალითიც კი საკმარისია ყველაფერი ამისათვის. სააკაშვილს არც დაუმალავს მისი დამოკიდებულება თქვენდამი, როდესაც ხმამაღლა განაცხადა: „ჯარი რისი ჯარია თუ არ დაიხოცაო“.
2008 წლის ომი ყველა ჩვენგანისათვის დიდ ტკივილად დარჩება. ჩვენ საუკეთესო თანამებრძოლები დავკარგეთ. ნაცვლად იმისა, რომ სააკაშვილსა და სხვა მაღალჩინოსნებს გმირობისა და თავგანწირვის მაგალითები ეჩვენებინათ, ტელეკამერების წინ გარბოდნენ. თავს გჭრიდნენ თქვენც და მთელ საქართველოსაც. მაშინ, როდესაც თქვენ საზარბაზნე ხორცი იყავით და იხოცებოდით, ხელისუფლება საკუთარ ოჯახებს საზღვარგარეთ ხიზნავდა და ქონების გატანით იყო დაკავებული.
თქვენ დაგაბრალეს, რომ ომი წააგეთ, ომი, რომელიც მხოლოდ ერთმა ადამიანმა წააგო და მას მთავარსარდალი სააკაშვილი ჰქვია. იაკობ გოგებაშვილის „თავდადებული მღვდელი თევდორეში“ რიგითი მღვდელი სააკაშვილი მტერთან ბრძოლაში თავგანწირვის მაგალითია, ხოლო დღეს მთავარსარდალი სააკაშვილი სირცხვილის მაგალითად იქცა.
ცოტა ხანში თქვენ ურთულესი არჩევანის წინაშე დადგებით. ასეთი მომენტი ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად დგება. რამდენიმე დღეში ქართველი ხალხი სააკაშვილსა და მის ხელისუფლებასთან ბარიკადებს მიღმა აღმოჩნდება. ამ დროს მე ჩემი ხალხის გვერდით ვიდგები და სხვაგვარად არც შეიძლება. ვიდგები ხალხთან ფიზიკურად და სიცოცხლის რისკის ფასად. თქვენი არჩევანი ისტორიას შეცვლის, თქვენი არჩევანი სირცხვილს ჩამოგვრეცხავს, თქვენი არჩევანი საქართველოს გადაარჩენს, თუ დადგებით ხალხთან და მე, პირადად, ერთი წუთითაც ეჭვი არ მეპარება, რომ სხვაგვარად არც შეგიძლიათ. ღმერთი იყოს ჩვენი და საქართველოს მფარველი!“ – ნათქვამია თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებაში.