სამართალი
ოპოზიციურად განწყობილ მეწარმეებს მკაცრი სანქციები ემუქრება

eliavaყველა მეწარმეს, ვისაც ხვალ, 2011 წლის 21 მაისს, სავაჭრო ობიექტი დაკეტილი ექნება, დაპატიმრება არ ასცდება. ამ „ღირსეული, მამულიშვილური“ საქმისთვის ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახურში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა.

დღეს დილით საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ ოფისში მეწარმეების ჯგუფი მოვიდა. მოქალაქეებმა მათთან მიმართებაში ხელისუფლების გეგმებზე დაწვრილებით ისაუბრეს, თუმცა გასაგები მიზეზების გამო კონფიდენციალობის დაცვა გვთხოვეს.

ჯგუფის ინფორმაციით, ხელისუფლებას საკუთარ ინტერესებზე მორგებული კანონი აქვს, რის მეშვეობითაც ჯერ კიდევ 2009 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ 1000-მდე მეწარმეს პრობლემები შეექმნა, მათ შორის, 300-ს „კანონდარღვევის“ გამო ფულადი ჯარიმები გადაახდევინეს, 700-მდე მეწარმე კი დააპატიმრეს. ისინი მაშინდელი ამბის გამო ოპოზიციონერ ლიდერებზეც არიან განაწყენებული, თუმცა, როგორც თავად აცხადებენ, „მოქმედი ხელისუფლების ქმედებები ყელში ამოუვიდათ და ყოველგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად, მათი გარკვეული ნაწილი 21 მაისისთვის დაგეგმილ აქციაზე მისვლას მაინც აპირებს“.

„გარდა იმისა, რომ დირექციისგან კატეგორიული გაფრთხილება მივიღეთ, რომ აქციაზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავიდეთ, გავიგეთ, რომ შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც იმ მეწარმეებს, რომელთაც 21 მაისს ობიექტი დაკეტილი ექნებათ, საქმეს საციხოდ გაუხდიან. ეს ჯგუფი საგადასახადო სამსახურთან შეიქმნა და სასამართლოსაც ექვემდებარება, რომელსაც პოლიციის უფლებები აქვს მინიჭებული და შეუძლია ნებისმიერი მეწარმის დაკავება. ჯერ იყო და, გიორგი ცხაკაია გვაყაჩაღებდა, როდესაც საგადასახადოს უფროსი იყო, თუმცა არც ახლა გვაქვს ნაკლები პრობლემები და ამას ისიც ემატება, რომ ჩვენი აზრის გამოთქმის უფლება არ გვაქვს. გარდა ამისა, ჩამოგვართვეს საბუთები და, ფაქტობრივად, მათ ხელში ვართ. თუ 21 მაისს ობიექტებს დავკეტავთ, აღნიშნული ჯგუფი ხელისუფლების მიერ საკუთარ ინტერესებზე მორგებული კანონის საფუძველზე „დარღვევებს“ აღმოგვიჩენს და საქმეს საციხოდ გაგვიხდის. მიუხედავად ამისა, მეწარმეების დიდი ნაწილი აქციაზე მისვლას მაინც გეგმავს. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი მთავარი ძალა, ვინც ეს გუნდი ხელისუფლებაში მოვიყვანეთ, თუმცა ახლა გვშია და მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ იქნება სათავეში. ჩვენ ვითხოვთ ნორმალურ პირობებს არსებობისა და ცხოვრებისთვის“, – აცხადებენ მეწარმეები.

შეგახსენებთ, რომ „სახალხო კრების“ საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე მიმდინარე წლის 21 მაისსაა დაგეგმილი.